მარგველაშვილი: ლავროვის არ შემოშვებით შეიძლება გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებიც მისგან გვიცავენ

  • 28 იანვარი 23:15

ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე ამ შემთხვევაში ქვეყნის პრეზიდენტი რომ იყოს რუსეთის დელეგაციის საქართველოში შემოშვების საკითხზე რა პოზიცია ექნებოდა მას, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ ასეთ პოლიტიკურ თემას რამდენიმე შემადგენელი ნაწილი აქვს.

"ამ შემთხვევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების სტუმარი. ის საქართველოს მთავრობის ან ქართული მხარის მოპატიჟებით კი არ არის, არამედ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოპატიჟებით არის საქართველოში. ამ დროს  რეალობა ასეთია. "რა უნდა იყოს განმსაზღვრელი შენთვის". ემოცია, აღშფოთება თუ რა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ასეთ შემთხვევაში მისთვის უპირველესი ქვეყნის ეროვნული ინტერესი იყო.

"მოდით ამას შევხედოთ ეროვნული ინტერესებით თვალსაზრისით. ლავროვის არ შემოშვება შეიძლება საქართველოსთვის საშიში იყოს? გეტყვით, რომ  კი. იმიტომ რომ ლავროვის არ შემოშვებით ჩვენ შეიძლება გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისინი ვინც სწორედ ლავროვისგან გვიცავენ, ისინი ვინც აძლიერებენ ჩვენს არაღიარების პოლიტიკას. შეიძლება ისინი გაღიზიანდნენ ? -კი. შეიძლება საქართველოს შესახებ ნეგატიური პიარი წავიდეს სწორედ ჩვენს პარტნიორებს შორის? - კი ეს საშიშროება არსებობს. მეორე მომენტია, ლავროვის არ შემოშვებით რა შეიძლება მოვიგოთ. მოვიგებთ ღირსების მომენტს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დავაყნებთ ჩვენს იმიჯს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. შეიძლება ჩვენზე თქვან, რომ არ გვესმის დიპლომატიის საფუძვლები. ამ შემთხვევაში მე მგონი ლავროვის შემოშვება შესაძლებლობასაც გვაძლევს. ლავროვის აქ ვიზიტის დროს ფაქტიურად ყველა ევროპული არხი ფოკუსირებული იქნება თბილისზე. ლავროვის ჩამოსვლას სავარაუდოდ საზოგადოება შეხვდება მიუღებლობით. "ლავროვი არ გვინდა, ევროპა გვინდა, ანგარიშს გიწევთ რამდენადაც ეს ჩვენთვის მიუღებელია. ჩემი აზრით ეს იქნებოდა ჩემი სცენარი იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში მე შევძლებდი და დავანახებდი მთელ მსოფლიოს, რამდენად მიუღებელია ოკუპაცია  ქართველებისთვის", - განაცხადა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გიორგი მარგველაშვილმა.