"18 წელი რეანიმაციაში შემისრულდა, არც ერთი ექიმი ხელს არ მკიდებდა"

  • 26 იანვარი 19:36

დიანა ჯიშიაშვილი 17 წლის იყო, როდესაც კისრის მალების ტრავმა მიიღო და სრულიად დაკარგა მოძრაობის უნარი. თითქმის ორი წელი დაჯდომასაც ვერ ახერხებდა, ვერ ამოძრავებდა თავს, კიდურებს... ექიმები მის სიცოცხლეს ეჭვქვეშ აყენებდნენ, თუმცა დიანა არ დანებდა და ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლო.

საავადმყოფოში გატარებული ხანგრძლივი დროის შემდეგ, სახლში ეტლით დაბრუნდა, კოლეჯში ჩააბარა, პარაფარიკაობაში ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი გახდა, შექმნა ოჯახი და დღეს ოთხი თვის ანდრია ჰყავს. ამ ყველაფერთან ერთად, მან პარლამენტში დაიწყო მუშაობა. დიანა იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ამტკიცებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები ნამდვილად არ არსებობს.


დიანა ჯიშიაშვილი: გორში დავიბადე, იქ ვცხოვრობდი. დასავლეთში, ბებიას დატოვებულ სახლში, კერძოდ აბაშაში ჩავდიოდი ხოლმე დასასვენებლად. ერთხელ მეგობრებთან ერთად მდინარეზე ვიყავი, სიმაღლიდან ვხტებოდი და ერთ-ერთი გადმოხტომის დროს ფეხი დამიცდა, ცუდად დავეშვი, თავი ქვას ჩამოვარტყი და მერე გადავვარდი წყალში. ხერხემლის კისრის მალები დამიზიანდა, რამაც სხეულის პარალიზება გამოიწვია. კლინიკაში რომ მიმიყვანეს გონზე ვიყავი, მაგრამ ძალიან რთული პარალიზი მქონდა. ჯერ სასწრაფომაც დააგვიანა მოსვლა, მერე რამდენიმე საავადმყოფოში მიმიყვანეს, მაგრამ ხელს არავინ მკიდებდა. ბოლოს თბილისში გადმომიყვანეს, მაგრამ ამ დროს სპეციალური კორსეტი არ მეკეთა, რამაც კიდევ უფრო დააზიანა ზურგის ტვინი – მასში დიდი რაოდენობით ჩაერჭო მალის ნატეხები. ჩემთვის სიცოცხლის შენარჩუნება წარმოუდგენელი იყო. ოპერაციის შემდეგ, დიდხანს მქონდა უმძიმესი მდგომარეობა: კიდურებს ვერ ვამოძრავებდი, ვერც თავს ვატრიალებდი. რადგან ყელში სასუნთქი მილი მედგა, სუნთქვისა და მეტყველების პრობლემები მქონდა, ლაპარაკს ვერ ვახერხებდი. ეს მდგომარეობა დიდხანს გამიგრძელდა. წელიწად-ნახევარზე მეტი იყო გასული, როცა ეტლში დაჯდომა შევძელი, თუმცა ესეც არ ყოფილა მარტივი. თავიდან ვერ ვჯდებოდი, ტანს ვერ ვიჭერდი და როცა დაჯდომას ვცდილობდი, ვითიშებოდი. ამდენხნიანი წოლის შემდეგ ნაწოლებიც გამიჩნდა, რამაც მენჯის ძვლის დაზიანება გამოიწვია. ამ შემთხვევიდან, დაახლოებით, 7-8 წელი ჩემთვის უმძიმესი პერიოდი იყო.


– რამდენი წლის იყავი მაშინ და რას ამბობდნენ ექიმები?


– 17 წლის ვიყავი. 18 წელი ერთ თვეში შემისრულდა რეანიმაციაში. თავიდან არც ერთი ექიმი არ მკიდებდა ხელს, რადგან არანაირი იმედი არ არსებობდა, მერე მაინც გადაწყვიტეს, რომ ოპერაცია გაეკეთებინათ. ჩემმა ექიმმა გოგი მაღალაშვილმა გამიკეთა ურთულესი ოპერაცია. როცა სიცოცხლე შემინარჩუნა, მერე მეუბნებოდა, რომ კუს ნაბიჯებით შევძლებდი ამ მდგომარეობიდან გამოსვლას. მას ჰქონდა იმედი, რომ ამ რთულ სიტუაციას თავს დავაღწევდი. ასეც აღმოჩნდა, მართალია, ფეხზე ვერ დავდივარ, მაგრამ ის, რომ გადავრჩი და ეტლით გადაადგილება შემიძლია, ეს ნამდვილად წარმოუდგენელი იყო.


– როგორ შეხვდი შენს ახალ მდგომარეობას?


– როცა გავიაზრე, რომ სრული პარალიზი მქონდა, მივხვდი, რომ ცუდად იყო ჩემი საქმე, მაგრამ იმედი მაინც მქონდა. სიტყვებით რთულია ამის გადმოცემა. ვაკვირდებოდი ჩემს შეგრძნებებს... ამ იმედმა მომიყვანა დღემდე. ძალიან მოძრავი ბავშვი ვიყავი და ეს მდგომარეობა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. საშინელი დეპრესია მქონდა, ცოცხალი გვამი მეგონა ჩემი თავი, აუტანელ ფიზიკურ ტკივილებს სულიერი ტკივილიც ემატებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეტლზე დაჯდომა დიდი ხანი არ გამომდიოდა, მაინც ბევრჯერ მქონდა მცდელობა. პირველად რომ გავედი საავადმყოფოს ეზოში, ყველას მზერაში სიბრალულს ვხედავდი, ზოგიც თვალს მარიდებდა. ამის გამო, უკვე აღარ ვცდილობდი გარეთ გასვლას. თავიდან ყოველი ჩემი გასვლა ტკივილთან იყო დაკავშირებული, მერე მივეჩვიე, ეტაპობრივად ესეც დავძლიე. დღეს ასე აღარ მიყურებენ, ახლა უფრო ძლიერ ადამიანთან ვასოცირდები.


– იყო უსამართლობის განცდა – რატომ შენ? ოჯახის წევრებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ?


– როცა ცხოვრებისეული გამოცდილება არ გაქვს და გული გტკივა, მაშინ ისმის კითხვა – რატომ? ახლა ვფიქრობ, რომ მსგავსი შეკითხვა არ უნდა გაჩნდეს. მოხდა ასე და კარგია, რომ გადავრჩი. მეგონა, ჩემი სულიერი და ფიზიკური ტკივილები ვერასდროს ჩაივლიდა, თუმცა ჩაიარა – დამავიწყდა კიდეც. მშობლისთვის შვილი ყოველთვის შვილია, რა მდგომარეობაშიც უნდა იყოს. მატერიალურად რთული იყო, სახლში საერთოდ აღარაფერი გვქონდა, ყველაფერი გაყიდეს. ჯანმრთელი შვილის ამ მდგომარეობაში დანახვა მარტივი არაა, დედაჩემი ჭკუიდან გადადიოდა, მამა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. რაც შეეხება მეგობრებს, ახალი მეგობრები გამომიჩნდნენ, რომლებმაც ჩემი მდგომარეობა უფრო მიიღეს, ძველები ნაკლებად დარჩნენ ჩემს ცხოვრებაში. თითქოს ვერ შეეგუენ ჩემს ახალ მდგომარეობას. მათგან მესმოდა: „დიანა, გინახულებ“, „დიანა, ვერ მოვედი“... „გინახულებ“ სიტყვა ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, არ მსიამოვნებდა მისი მოსმენა. იყო შემთხვევა, როცა ერთმა მეგობარმა ქორწილში არ დამპატიჟა, რადგან ცეკვას ვერ შევძლებდი, თუმცა მეორე მეგობრის დაბადების დღეზე ძალიან ბევრი ვიცეკვე.


წაიკითხეთ სრულად