ზაალ კოკაია: არასწორია, პლაგიატზე მხოლოდ კომპიუტერული პროგრამის ანალიზის საფუძველზე ისაუბრო

  • 24 იანვარი 17:39

ძალიან ძნელია და არასწორი, ისაუბრო პლაგიატზე მხოლოდ კომპიუტერული პროგრამის ანალიზის საფუძველზე,- ამის შესახებ ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში წერს.

პროფესორის თქმით, ბრალდებები ნაშრომთან დაკავშირებით, პირადულად აგორებული კამპანიაა და არა ეთიკის ან სინდისიერებისთვის ბრძოლის საკითხი.

„ძალიან ძნელია და არასწორი ისაუბრო პლაგიატზე მხოლოდ კომპიუტერული პროგრამის ანალიზის საფუძველზე. შესაძლოა 30% თანხვედრა არ იყოს პლაგიატი, და 10% იყოს. გააჩნია კონტექსტს, ტექსტის შინაარსს, რა ფორმითაა ტექსტი მოცემული, რა საკითხებს ეხება, რა მნიშვნელობა აქვს ამ ტექსტს მთლიანობაში ნაშრომისთვის და ა.შ. მით უმეტეს, როცა საკითხი ეხება იმ ნაშრომს, სადაც ავტორი თავადაა თანაავტორთა შორის. ამიტომაც, ლუნდის უნივერსიტეტი კომპიუტერული ანალიზის შედეგებს, წინასწარ, დაცვამდე უგზავნის სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელს და შემდეგ კომისიის წევრებს, რათა მათ შეექმნათ წარმოდგენა მოცემულ ნაშრომში პლაგიატიზმის არსებობაზე ამ კომპიუტერული ანალიზის შედეგების და თავად ნაშრომის წაკითხვის შემდეგ.

მაშინ, როდესაც ყველამ ვიცით, როგორ იწერებოდა დისერტაციები და სამეცნიერო ნაშრომები საქართველოში პლაგიატიზმის პროგრამების გაჩენამდე, როგორ ითარგმნებოდა მთელი დისერტაციები რუსულიდან და საღდებოდა ორგინალურ ნაშრომად და ა.შ. მეჩვენება, რომ ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებები უფრო პირადულად აგორებული კამპანიაა და არა აკადემიური ეთიკის ან სინდისიერებისთვის ბრძოლის საკითხი. მერწმუნეთ, რომ საქართველოს აკადემიურ სფეროში, მათ შორის თსუ-შიც, გაცილებით მეტია გამოსასწორებელი და გასავითარებელი და ამას იმიტომ არ ვწერ, რომ რექტორს სტუდენტობის დროიდან ვიცნობ, მაქვს ახლო ურთიერთობა და მყარად მჯერა მისი კეთილსინდისიერების. ვინც მე კარგად მიცნობს, იცის, რომ ეს არასდროსაა გადამწყვეტი ჩემი პოზიციის გამოხატვისას“,- წერს ზაალ კოკაია.

ინფორმაციისთვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე თავის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით სოციალური ქსელით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი განმარტებით, დისერტაციაში გამოყენებულია საქართველოს პარლამენტის დადგენილება, რომლის შემუშავებაზეც მუშაობდა ექსპერტთა ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით.

გიორგი შარვაშიძე ყოველივეს უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი თსუ-ს დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.