დიღმელაშვილი ვაშაძეზე: ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა

  • 22 იანვარი 16:07

მოძრაობა "სირცხვილიას“ წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის მიერ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

"გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს კვესიტაძესთან უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო.


შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ.


ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ Nodar Rukhadzeმ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა.


პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ ჩვენ შევარჩევდით.


ძალიან არასწორ ეგოს შეეხო“, - წერს სამოქალაქო აქტივისტი.


ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ ბიძინა ივანიშვილისგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირებას საკუთარი პარტიის დამსახურებად მიიჩნევს. ამის შესახებ ვაშაძემ "მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.