სად დაკრძალავენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს

  • 22 იანვარი 15:32

თენგიზ სიგუას ცხედარს სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც გაიმართება პანაშვიდი, რის შემდეგაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სავარაუდოდ საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სიონის ტაძრის წინამძღვარი გიორგი ზვიადაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ სიონის ტაძარში ცხედრის გადასვენების სურვილი გარდაცვლილის ოჯახმა გამოთქვა. 


ოჯახის ახლობელმა, ოლეგ კეშელავამ კი გვითხრა, რომ სავარაუდოდ თენგიზ სიგუას საბურთალოს სასაფლაოზე, მისი შვილიშვილის გვერდით დაკრძალევენ. 


თენგიზ სიგუას 16 წლის შვილიშვილი ქეთი სიხარულიძე 2017 წელს გარდაიცვალა. გოგონამ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ვერ გადაიტანა - ქეთი სიხარულიძის გარდაცვალების ტრაგიკული ისტორია.


დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. 


ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე თენგიზ სიგუა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.


1992 წლის 8 ნოემბერს სიგუა საქართველოს პრემიერმინისტრად დაინიშნა, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს მას შემდეგ გადადგა, რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო.


წყარო