ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა გიორგი ჯანაშიასთან, გუგა ბარბაქაძის ადვოკატის შუამდგომლობას კი სასამართლო პარასკევს განიხილავს

  • 22 იანვარი 14:26

„მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან მიმართებით საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე, მიაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და აქიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად ჩათვალა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება“,- ამის შესახებ პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.

მან განმარტა, რომ მეორე მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძესთან დაკავშირებით ბრალდების მხარე საკითხების არსებითად განხილვას განაგრძობს.


„საპროცესო შეთანხმება ფორმდება იმ შემთხვევაში, თუ ამაზე გამოხატულია ორივე მხარის ერთობლივი თანხმობა. გუგა ბარბაქაძის შემთხვევაში ასეთი ტიპის თანხმობაზე საუბარი არ არის. დაცვის მხარემ წარმოადგინა განცხადება, რომელიც დღეს დილით იქნა შეტანილი პროკურატურაში“,- აღნიშნა პროკურორმა.


მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პროცესი პარასკევისთვის გადაიდო და ბრალდების მხარე დარჩენილ საკითხებთან დაკავშირებით მომდევნო სხდომაზე ისაუბრებს.


ინფორმაციისთვის, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს.


ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.


მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია.