ანა ქურთუბაძე: შვილი ეკრანზე რომ მხედავს, დედა ანას მეძახის

  • 19 იანვარი 17:20

ანა ქურთუბაძე მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობია. ასევე ის მონაწილეობას იღებს პროექტში "მხოლოდ ქართული". გადატვირთული გრაფიკის გამო ყველა შვილის მოვლაში ეხმარება. როდესაც პატარა დედას ტელევიზორში ხედავს "დედა ანას" ეძახის.

ანა, შემდგარი მსახიობი ხართ. რატომ გადაწყვიტეთ “მხოლოდ ქართულში” მონაწილეობა, რას შეგმატებთ ეს პროექტი?


– იმიტომ გადავწყვიტე, რომ სიახლეები, თავგადასავლები მიყვარს. მინდოდა, საკუთარი თავი გამომეცადა მომღერლის ამპლუაში. აქამდეც ხშირად მიმღერია, მაგრამ მინდოდა, სცენაზე მარტო ვმდგარიყავი და სიმღერა ისე შემესრულებინა.


სპექტაკლებში მიწევს მღერა, მაგრამ ეს საერთოდ სხვა რაღაც არის. მეგონა, ჩემი პროფესია დამეხმარებოდა და გარკვეულწილად ასეც მოხდა, მაგრამ პირველ ორ ლაივ კონცერტზე სულ მქონდა განცდა, რომ რაღაც პერსონაჟი უნდა ვყოფილიყავი, რადგან სპექტაკლებზე ჩემი პერსონაჟი მღერის. პროექტში სულ სხვა რაღაც ხდება, აქ პირიქით, საკუთარი თავი უნდა წარმოაჩინო, ანუ ანა ქურთუბაძე როგორ მღერის. ამ კონკურსში ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ.


ვინ გგულშემატკივრობთ კონკურსში?


– მთელი ჩემი სამეგობრო. ზოგადად სამეგობრო და მეგობრობა ჩემთვის ერთ-ერთი პირველია – რასაკვირველია, ოჯახის შემდეგ, თუმცა ისიც ჩემი ოჯახია. ისე მიდგანან გვერდში, ნეტა, მათ როცა დასჭირდებათ, მეც შევძლო ასეთი მხარდაჭერა, პირველ რიგში, მორალურად.


თქვენს ოჯახზე გვიამბეთ.


– მყავს ძალიან დიდი ოჯახი, რომელსაც მეც შევმატე ჩემი პატარა ოჯახი, სადაც თავს ყველაზე მშვიდად ვგრძნობ. ჩემი შვილი, თინა, უკვე წლის და 8 თვის არის. მყავს ერთი და და სამი დისშვილი. და ჩემზე 11 წლით უფროსია. ბოლო წლებში ჩვენ შორის თითქოს ასაკობრივი სხვაობა შემცირდა და მეგობრობა დავიწყეთ. მანამდე დედაშვილური დამოკიდებულება გვქონდა. სამწუხაროდ, მამაჩემი 2008 წელს გარდაიცვალა. მყავს მსოფლიოში ყველაზე კარგი დედა და მინდა, რომ იმის ნახევარი მაინც გავუკეთო ჩემს შვილს, რაც დედამ ჩემთვის გააკეთა.


თინა როგორ აღიქვამს, დედას რომ ეკრანზე ხედავს?


– “დედა ანა”, – ასე იძახის ხოლმე. პროექტს უყურებს და ძალიან ბედნიერია.


განაგრძეთ კითხვა