ზამთარში ღამეს სკვერში ვათევდი, როცა ვიღაცამ რამდენიმე ღერი უფილტრო სიგარეტი მომპარა - მარტოხელა მხატვრის სევდიანი ამბავი

  • 17 იანვარი 17:52

ამჯერად მხატვარი თავისი მძიმე ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს.

ზუსტად 12 წლის წინ, მაშინ როცა ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა და ღამეს ქუჩაში ათევდა, ამ ისტორიაში სწორედ იმ ღამეს აღწერს. მონაყოლს კი იმით ამართლებს, რომ სხვამ წაიკითხოს და დაფიქრდეს, რომ ეს სამყარო მარტო ის არ არის, რასაც ვხედავთ. „არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე მიწიერი მოთხოვნილებები“,- ამბობს მხატვარი არჩილ ჯაფარიძე.


„თითქმის ეს დრო იყო 12 წლის წინ. სოლოლაკში პატარა ბაღს გადავაწყდი, დაცლილი ორსართულიანი სახლებით გარშემორტყმულს. მიმიზიდა, რადგან ნაკლებად ჩანდა და სიცივეც ნაკლები იყო. როცა ქალაქში ქარი ქროდა, იმ ადგილას ნიავიც კი არ იგრძნობოდა. პერიოდულად შორი-ახლო მაცხოვრებელი იყრიდნენ თავს გადახურულ მაგიდასთან და დომინოს თამაშობდნენ საღამომდე. ასე 7-8 საათის მერე ბაღი ცარიელდებოდა სიცივის გამო და მერე მე შევდიოდი. გათენებამდე იქ ვიყავი. ეს ისტორიაც ერთ ღამეს გადამხდა. ჩემ ადგილზე ვიჯექი ლამპიონის ქვეშ. საქაღალდე მქონდა გაშლილი და რაც იმ დღეს ჩავიხატე იმას ვასწორებდი. ძალიან ყინავდა და უფრო მოუმატა. გათენებამდე ბევრი დროა. მარტო პერანგით რა გამაძლებინებს-მეთქი ვფიქრობდი და ხელები მოვიფშვნიტე. ასეთი შავი დღისთვის ჯიბეში 10-15 ლარი და ხის ტოტები მედო, უკიდურეს შემთხვევაში ცეცხლის ასანთებად. გარშემო ყველაფერი სველი იყო და არ იწვოდა. ჯიბეში გამომშრალი ტოტებით ცეცხლი ავანთე, ბოლის სუნმა და ცეცხლის ყურებამ გამთიშა. არ ვიცი რამდენი ღამის უძილო ვიყავი. ისევ ყინვამ გამახელინა თვალები და მერწმუნეთ ეს უფრო საშინელებაა ვიდრე ჯდომა და სიცივის ატანა თვალგახელილი.


გამოვფხიზლდი და წამოვდექი, გავიფიქრე, უნდა ვიარო თორემ ცუდადაა ჩემი საქმე. საქაღალდე სათვალე და სიგარეტი ვიღაცამ ამაცალა. ღმერთო მე კიდევ ეს გაჭირვება მაკლდა?! - ჩავილაპარაკე ჩემთვის. დავჯექი და ვფიქრობ ჩანახატები ვის რაში დასჭირდა, ნომრიანი სათვალე კიდევ ხო, ან უფილტრო სიგარეტი-მეთქი. ალბათ ვიღაც მითვალთვალებდა და დრო იხელთა როცა გავითიშე. თავში ათასი აზრი მომდიოდა. მერე ვიფიქრე, იქნებ ნაგვის ბუნკერში ჩაყარეს-მეთქი. ჯერ დადიანის ქუჩაზე, მეორე ასათიანზე ჩავედი. დავათვალიერე ყველა ბუნკერი, მაგრამ ამაოდ. ლერმონტოვის ქუჩაზე ადრე საბავშვო ბაღი იყო, აქ ლტოლვილები ცხოვრობდნენ. ამ ბაღს რომ მივუახლოვდი, შესასვლელის კიბეზე თვალი მოვკარი პატარა კოლოფს. შესასვლელი ჩაკეტილია, გარეთ არავინაა. სათვალის გარეშე ცუდად ვხედავ, უფრო ახლოს მივედი და რას ვხედავ სიგარეტის კოლოფს ზემოდან სანთებელა ადევს. სიცივე სულ დამავიწყდა, ვუყურებ და არ მჯერა. ვფიქრობ, თუ ვინმემ ცარიელი კოლოფი გადააგდო, სანთებელას ზემოდან რატომ დაადებდა. თუ სავსეა პატრონი ყავს და სადღაც აქაა-მეთქი. ამ ფიქრებში გავიდა რამდენიმე წუთი. კარგა ხანს ველოდე, მაგრამ სიგარეტის კოლოფს არავინ მოაკითხა. მერე მივედი და კოლოფი გავხსენი. ერთი ღერი სიგარეტი აკლდა. ერთიც მე ამოვიღე და გავუკიდე.


ისე ჩავისუნთქე თამბაქოს კვამლი, რომ ფილტვები გამითბა. მერე ავიღე სიგარეტი სანთებელასთან ერთად და ასათიანის ქუჩისკენ დავეშვი. ყურებჩამოყრილი ბაღისკენ გავეშურე. უცებ მიწაზე დაგდებულ ორლარიანს გადავაწყდი. მაშინ ქაღალდის 2 ლარიანი იყო. გავჩერდი და მგონია, რომ მეჩვენება. დავიხარე, ხელით შევეხე და მართლა ფულია. კი მაგრამ ეს გზა ახლახანს გავიარე, ქუჩაში ჩემს გარდა უბანში არავინაა გარეთ, ნეტავ საიდან გაჩნდა-მეთქი, გავიფიქრე. ავიღე, გამიხარდა დილას ცხელს, არა მდუღარე ჩაის მაინც დავლევ სადმე. ბაღში შევედი და დილამდე ჩემს ადგილზე ვიჯექი. ღამით გადახდენილ ამბებზე ფიქრში დამათენდა. ამაზე ვფიქრობ დღესაც, 12 წლის შემდეგაც. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, როცა ადამიანის წამება პიკში ადის, ირთვება რაღაც ზებუნებრივი. მხსნელი არა იმიტომ, რომ იწამო, არამედ გადარჩე. იმსახურებ თუ არა ვერ ეს სხვა საკითხია. ახლა ვფიქრობ, რომ ანგელოზის ხელი იყო, მე სხვა ახსნა არ მაქვს.


ის რომ ანგელოზი სიგარეტს მომცემდა, ეს სისულელეა, მაგრამ სიგარეტი მაშინ ჩემთვის სიამოვნება კი არა გათბობის ერთადერთი საშუალება იყო. მე ანგელოზი არ ვარ, მაგრამ მეც შემეცოდებოდა ასეთი ადამიანი, ესოდენ გამწარებული და მიუხედავად ყველაფრისა წყნარი. ის არ იფურთხებოდა და არ იგინებოდა. ის არ სვამდა და არ ლოთობდა. მან არ დაკარგა რწმენა ღმერთის. მან ჩუმად, უსიტყვოდ გადაიტანა და ამიტომაც ალბათ... არც მანამდე და არც მას შემდეგ არასდროს მიპოვია ფული და სიგარეტი. რატომ უჭირთ ადამიანებს უხილავი სიკეთის დაჯერება როცა ბოროტების სჯერათ?! “-ამბობს არჩილ ჯაფარიძე.