"ჩემი გულშემატკივრები არიან 3 წლიდან 14 წლამდე და 25-დან ზემოთ"

  • თბილისელები
  • 17 დეკემბერი 13:42, 2019 წელი

"საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული 2020 წლის "ევროვიზიაზე" გაემგზავრება. პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ყველასათვის კარგად ნაცნობი მომღერალი, "ნიჭიერი 2016-ის" გამარჯვებული, 19 წლის ბარბარა სამხარაძეა.

ბარბარამ ოჯახის წევრების ინიციატივით გადაწყვიტა კონკურსში მონაწილეობის მიღება.


როგორც თავად ჟურნა; "თბილისელებთან" ამბობს, ეს პროექტი მისი შესაძლებლობების გამოვლენის კიდევ ერთი საშუალებაა და მაქსიმალურად ეცდება ევროპის ყველაზე დიდ სცენაზე დადგომას.


გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს, რომელიც ჟურნალ "თბილისელებში" გამოქვეყნდა.


ბარბარა სამხარაძე: როცა "საქართველოს ვარსკვლავის" შესახებ გავიგე, ესპანეთში ვიყავი წასული ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებას გულისხმობს – თითოეული მონაწილე თავის ქვეყანას წარადგენს კულტურის მხრივ. ისე ვიყავი ამ ყველაფრით აჟიტირებული, სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობის მიღება. საქართველოში რომ ჩამოვედი, ის ეიფორია ისევ მქონდა გამოყოლილი. ჩემმა მშობლებმა მკითხეს: ამ ერთი წლის განმავლობაში რა უნდა გამეკეთებინა? იქნებოდა ისევ იგივე: სასწავლებელი, სახლი და არანაირი განვითარება. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი შტრიხები შემეტანა და გავედი ქასთინგზე. ჩემმა ოჯახმა მიბიძგა ამ ნაბიჯისკენ და თან, მივხვდი, რომ კიდევ ერთხელ შემეძლო ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა. შეიძლება, ეს პროექტი მომავალ წელს აღარ იყოს, ამიტომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა.


– ბარბარა, პროექტში ნაცნობი სახეების დანახვა ბევრს არ ესიამოვნა. წერდნენ, რომ კონკრეტულ პროექტში გამარჯვების შემდეგ შემოქმედებაში სიახლეები არ გაქვთ და მხოლოდ კონკურსებში არ უნდა იღებდეთ მონაწილეობას.


– ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ეს არ არის უბრალო პროექტი, სადაც იმარჯვებ და მორჩა. ეს პროექტი საშუალებას გაძლევს, საქართველოს სახელით წახვიდე და დადგე ისეთ სცენაზე, რომელიც ევროპაში ერთადერთია – ყველა მომღერალი ოცნებობს იქ მოხვედრაზე. ვიღაცის ნათესავი თუ იმსახურებს იქ წასვლას, ჩვენც ხომ ვიღაცის ნათესავები ვართ და მათაც იგივე ჰგონიათ ჩვენზე (იცინის). ვინც დაფიქრდება, სად ვართ და სად გვიწევს მუშაობა, მიხვდება, რომ მომღერლები, სამწუხაროდ, კონკურსიდან კონკურსამდე ვცხოვრობთ. რაც შეეხება შემოქმედებას, იმხელა ფინანსები არ მაქვს, რომ საკუთარი ხარჯებით ჩავწერო სიმღერა, ვერც ბანკიდან გამოვიტან თანხას, რადგან 50-50-ზეა – გაამართლებს თუ არა. თუ სპონსორი გამოჩნდება, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ. ხალხმა უნდა გაიაზროს ისიც, რომ მარტო საქველმოქმედო კონცერტებით ვერ ვარსებობთ, სადაც, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ ვიღებთ მონაწილეობას – ვინმეს დახმარებაზე არც არასოდეს მითქვამს უარი და არც მომავალში ვიტყვი. როცა პროექტში გამოვჩნდი, იყო რეაქცია – "შენ აქ რა გინდა" და სხვა უარყოფითი კომენტარები. ეს არ არის პროექტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს მასშტაბებში ჯდება. გამარჯვებული მიემგზავრება "ევროვიზიაზე" და ვთვლი, რომ ასეთ კონკურსზე ნამდვილად ჩამოყალიბებული მომღერალი უნდა წავიდეს და არა დამწყები.


– კონკურსანტებს როგორი დამოკიდებულება გაქვთ ერთმანეთთან?


– ვერავინ წარმოიდგენს, რომ კონკურენტები ვართ. ისე გვიხარია ერთმანეთის წარმატება, ერთამანეთის ფოტოზე მოწონებები და ვიდეოს ნახვებიც, როგორც საკუთარის. ამის გამო ბევრჯერ ერთმანეთის გულშემატკივარსაც შევუქივართ. ისე ვართ, როგორც ერთი ოჯახი. არ მეგონა, თუ ასეთი დამოკიდებულება გვექნებოდა, რადგან მაინც კონკურსია. ყიფო რომ ლიდერი გახდა, ისე მიხაროდა, მეგონა, მეც ლიდერი ვიყავი.


 – ახალ პროექტში გამოჩენის შემდეგ გულშემატკივრების რაოდენობაც მოიმატებდა...


– ჩემი გულშემატკივრები არიან 3 წლიდან 14 წლამდე და 25-დან ზემოთ (იცინის). რაღაც საოცრება ხდება ხოლმე "ფეისბუქში", ზოგი ლექსებს მწერს და ზოგი კიდევ – რას. საინტერესოა მათთან ურთიერთობა. ბევრი მწერს და ყველას ვერ ვპასუხობ, ვისაც თავის დროზე ვუპასუხე, დღეს უკვე ჩემი კარგი მეგობრები არიან.

წყარო: თბილისელები