"ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა"- ბარბარობის დღესასწაული და მეკვლეობის ტრადიცია

  • 16 დეკემბერი 14:00, 2019 წელი

თითქმის მთელ საქართველოში ბარბარობას ოჯახში მეკვლე მოდიოდა. იგი ბედობის დღედ ითვლებოდა. 

"შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი"... "ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა..." ამ სიტყვებით შედის მეკვლე სახლში და ლოცავს ოჯახს. ამ კონკრეტული პიროვნების მისვლამდე ღამის 12 საათის შემდეგ ოჯახში არავინ შედიოდა, ეს უკანასკნელი კი კარს სიმღერითა და ტკბილეულობით დახუნძლული აღებდა. შეიძლება ყოფილიყო კაციც, ქალიც და ბავშვიც. მთავარი იყო ის, რომ მეკვლეს კარგი ფეხი ჰქონოდა. თუ მეკვლე ფეხბედნიერი გამოდგებოდა, ოჯახი შემდეგ წელსაც მას მიიწვევდა.


მეკვლეობის ტრადიცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 


გურიაში ახალი წლის პირველ დღეს კალანდა ჰქვია, რაც ლათინური სიტყვაა და ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს. გურულები კალანდას თოფის გასროლით ხვდებიან და ამ დღისთვის განსაკუთრებულ სუფრას ამზადებენ, რომელსაც აუცილებლად უნდა ამშვენებდეს ღორის თავი, მრგვლად მოხარშული, მსუქანი დედალი, შემწვარი თუ მოხარშული ხორცი, ღვეზელი, ხაჭაპურები, მჭადები, გოზინაყი, ტკბილეული და ხილი. გურული ქალები ღვეზელის ცხობას დიდ ყურადღებას უთმობენ. კოკრის ან სამკუთხედის ფორმის ღვეზელი საუკეთესო ხარისხის ფქვილისგან იზილება და ოჯახის ყველა წევრისთვის ცხვება. ყველითა და კარგად მოხარშული და გამშრალი კვერცხით გამოტენილი ღვეზელის მთავარი ღირსება სწორედ ყველისა და კვერცხის ოდენობით განისაზღვრება. ტრადიციულად, "საუფროსო" და "საუმცროსო" ღვეზლები ცალკე ცხვება. 


სამეგრელოში ჩიჩილაკი ახალი წლის განუყრელი ატრიბუტია. სამეგრელოში ჩიჩილაკს ბამბითა და სათამაშოებით რთავენ და გარშემო ტკბილეულს, მოხარშულ გოგრასა და ხილს უწყობენ. ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი სახლიდან ჩიჩილაკითა და ღომის მარცვლით სავსე ჯამით გადის, სახლს წრეს დაარტყამს, ფუძეს დალოცავს, შემდეგ კი სახლში საახალწლო ტაბლას დანარჩენებთან ერთად მიუჯდება და ტკბილეულით "დააბერებს". 


მეკვლე, ანუ მეკუჩხური სუფრიდან კაკალს იღებს და წმინდა ბასილს სთხოვს, ოჯახი სიკეთითა და ბარაქით გაავსოს. ტრადიციული ღომის, ელარჯის, გებჟალიას, კუპატისა და სხვა მეგრული კერძების გარდა, მეგრულ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად კეთდება რაიმე უცხო საჭმელი.


იმერეთში მიღებულია, რომ ახალი წლის დილას ოჯახის უფროსმა ხორაგით სავსე ხონჩით სახლს სამჯერ წაღმა შემოუაროს და უფალს წყალობა, ხვავი, ბარაქა და ოჯახის წევრებისთვის ჯანმრთელობა სთხოვოს. სახლში დაბრუნებული ოჯახის თავი ბუხარში მოგიზგიზე კუნძს ჯოხს რამდენჯერმე დაჰკრავს და საკვამურიდან ცისკენ წასულ ათასობით ნაპერწკალს ლოცვას დაადევნებს, ამდენი ოქრო, ამდენი ძროხა, ამდენი ხარი, კამეჩი, ქათამი, ღორი და ინდაური ჩვენს ოჯახშიო. 


რაჭაში ახალ წელს დიდი სიხარულით ელიან. კლავენ ღორს ან მოზვერს, აცხობენ საახალწლო ბაჭულებს, ადამიანისსახიან ბასილას და "კერიას პურს“. ოჯახის მეკვლე, რომელსაც რაჭაში "მაკვლიელს" ეძახიან, ნამცხვრებს, მოხარშულ ლორსა და შემწვარ წიწილას სინზე დაალაგებს, გვერდით ერთ ბოთლ ღვინოს მოუდგამს, ხელში ჩიჩილაკს დაიკავებს და ოჯახში ანთებული სანთლით შებრძანდება, თან ომახიანად შესძახებს: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, დიამც მოგივა ახალი წელი: შეძენისა და მოგების, მშვიდობისა და კარგად ყოფნის, ღვინიანობის, პურიანობის, საქონლის გამრავლების... ღმერთო, ბედნიერი წელი მოგვიბრუნე. მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოთ ღმერთმა." საპასუხოდ ოჯახიც დალოცვის სიტყვებს ამბობს. შემდეგ მეკვლე ოჯახის წევრებს ხელ-პირს აბანინებს - ხალხის რწმენით, ამით ძროხებს მთელი წლის განმავლობაში კარგი წველა ექნებათო. 


რაჭველი "მაკვლიერი" ახალ წელს საქონელსაც ულოცავს და თივას უყრის. მეკვლე თუ "კარგი ფეხის" გამოდგა, მას კიდევ სამი წლით ირჩევენ.


 


ხევსურეთში მამაკაცები საახალწლოდ არაყს ხდიდნენ და ლუდს ხარშავდენ, ქალები კი ოჯახის თითოეული წევრისთვის ბედობის კვერებს აცხობდნენ და აკვირდებოდნენ - ვისი ბედისკვერიც სხვებზე მეტად აფუვდებოდა, მისთვის ის წელი განსაკუთრებით იღბლიანი უნდა ყოფილიყო.