"დატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ"- აქციის მონაწილეებმა საკრებულოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს

  • 16 დეკემბერი 12:50, 2019 წელი

თბილისის საკრებულოსთან "სამოქალაქო მოძრაობის", "სირცხვილიას" და "შეცვალეს" წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. 

მათი მოთხოვნაა, ერეკლე კუხიანიძეს თბილისის საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეს.


აქციის მონაწილეებმა თბილისის საკრებულოსთან სიმბოლურად ნაგვის ურნა მიიტანეს. 


„ეს კაცი არის მოსიარულე ნაგავი და მეტი არაფერი. ამ ნაგავმმა სასწრაფოდ უნდა დაწეროს განცხადება და მოითხოვოს უფლებამოსილების შეჩრება. დატოვოს საკრებულო, სანამ ჯანმრთელი დადის. ის არ უნდა აყროლებდეს თბილისის საკრებულოს თავისი არსებობით“, - განაცხადა „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრმა ალეკო ელისაშვილი.


ცნობისთვის, ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც მან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გააკრიტიკა. 


"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!" - დაწერა საკრებულოს წევრმა.