"ქუჩაში თეა წულუკიანსაც მეძახიან"- "კომედი შოუს” მსახიობი გამყიდველ ქალებს სასიძოდ მოსწონთ

  • 15 დეკემბერი 22:57, 2019 წელი

იუმორისტ გივი პაპავას ქუჩაში ხან თეა წულუკიანს ეძახიან, ხან გიგანტიჩს. ეს სახელები მას “კომედი შოუს” სკეტჩებში შესრულებული როლების გამო შეარქვეს.

ამჟამად გივი “რუსთავი 2”-ის გუნდშია, სადაც უკვე 3 წელია სახასიათო პერსონაჟებს ქმნის.


გივის ცხოვრებაში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგას, რამდენიმე თვეში მამა გახდება. ხონიდან თბილისამდე გამოვლილ გზაზე შოუმენი “სარკეს” უყვება.


– გივი, “კომედი შოუს” ძალიან კონკურენტულ გარემოში მოგიხდათ ახალი სატელევიზიო ეთერის დაწყება. თქვენი გუნდი ბევრმა მსახიობმა დატოვა და იუმორისტული გადაცემა “მთავარ არხზე” გააკეთეს. ამ ფონზე კმაყოფილი ხართ რეიტინგით და საზოგადოების რეაქციით?


– ჩემი აზრით, კარგად დავიწყეთ. მეტი შემართება, მოტივაცია და მუხტი გვაქვს. ბევრი ახალი სახე გვყავს, ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სახეები შემოგვიერთდნენ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან”. დიდი გეგმებით და ამბიციებით ვართ.


რაც შეეხება ჩვენი გუნდიდან იუმორისტების წასვლას, კი, გავნახევრდით, ამაზე გულიც დამწყდა, ვინერვიულე, მაგრამ არა უშავს, ასეთი რაღაცები ხდება ცხოვრებაში. მარადიული არაფერია, ვიღაცას ვიღაც ყოველთვის ჩაანაცვლებს.


– თქვენ რატომ გადაწყვიტეთ არხზე დარჩენა?


– მთელმა გუნდმა ვიმსჯელეთ და ბოლოს ყველამ ინდივიდუალურად მიიღო გადაწყვეტილება. მთავარია, ჩვენ-ჩვენი საქმე ვაკეთოთ და სად ვიქნებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს.


-ორსული ქალები ქმრებისგან ითხოვენ, რომ მათ მეტი დრო დაუთმონ. თქვენ გაქვთ იმის საშუალება, რომ ცოლთან დიდი დრო გაატაროთ?


– ნინა ჩემს სამუშაო რეჟიმს მიჩვეულია. “კომედი შოუდან” დაბადების დღის ცენტრში მივდივარ, თავისუფალ დროს კი აუცილებლად მას ვუთმობ. შაბათ-კვირას კინოში დავდივართ. არის დღეები, როცა უარს ვამბობ გასართობ ცენტრში წასვლაზე და ჩემს მეუღლეს სიურპრიზს ვუწყობ.


– მოკლე დროში ძალიან პოპულარული გახდით. როგორ რეაგირებთ ხალხის ყურადღებაზე, ხომ არ გეხამუშებათ?


– თავიდან ცოტა უხერხულად ვიყავი და უცნაურად მეჩვენებოდა. ხალხის მზერა მბოჭავდა და ვიძაბებოდი. მერე შევეგუე და ახლა ყველას ვუღიმი. მაგალითად, ბაზრობაზე რომ შევდივარ, ქალები მეუბნებიან, შენი თანატოლი ქალიშვილი მყავს გასათხოვარი, მას ძალიან უყვარხარ და იქნებ ისაუბროთო. ერთხელ ქალმა წამიყვანა და თავისი ქალიშვილი გამაცნო. ხალხის ყურადღება ძალიან მსიამოვნებს.


– ასე მალე რომ გახდით პოპულარული, ამაში გარეგნობამაც ხომ არ შეგიწყოთ ხელი?


– იუმორისტისთვის ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანებმა ჩემი გარეგნობის და ტიპაჟის გამო დამიმახსოვრეს. ქუჩაში ხალხი იძახის, მოკლე გივია მოდისო. ასევე ამბობენ, გიგანტიჩი “გაიჩითაო”. თეა წულუკიანსაც მეძახიან. თემო ნიქაბაძეს ცხვირით ცნობენ, მე – სიდაბლით.


წაიკითხეთ სრულად.