"ვეღარ მოვითმინე და ლამის წავწვდი საყელოში...“ - სვეტიცხოველთან გარემოვაჭრე ტაძრის წინამძღვარს დაუპირისპირდა

  • 15 დეკემბერი 14:34, 2019 წელი

მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტერიტორიაზე, გარემოვაჭრე ინეზა შონია აცხადებს, რომ ტაძრის წინამძღვარი მამა სერაფიმე ჭედია ორი თვეა მასზე ზეწოლას ახორციელებს.

გარემოვაჭრე და ტაძრის წინამძღვარი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რისი მიზეზიც ის გახდა, რომ მამა სერაფიმე ჭედიამ გარემოვაჭრეს მოსთხოვა, რომ სავაჭრო დახლი აეღო.


"დღეს ძალიან შეუძლოდ გავხდი. არსუკიძის ქუჩაზე არის ნებადართული გარევაჭრობა. მე ვდგევარ ამ ქუჩასთან ახლოს. ორი თვეა ზეწოლის ქვეშ ვარ და მამაოებისგან ძალადობის მსხვერპლი გავხდი. არანაირი შეხება არ მაქვს შესასვლელთან. მოძღვარი ამბობს, რომ ჩემი ტერიტორიააო, ეს ასე არ არის. მე გზასაც კი არ ვაფერხებ და ეს პოლიციამაც დააფიქსირა. ჩემს ირგვლივ ვინც არის ყველას ერჩიან. როდესაც მაგიდა დავდგი ერთ კვირაში აუღიათ და ჩაიტანეს, სადღაც. სანამ ჩემს შვილს არ ვთხოვე და არ ამომიტანა ერთი თვე იქ იყო. პოლიციას ვავალდებულებდი, რომ ამოეტანათ ეს მაგიდა, თუმცა ვერ შეძლეს. მოძღვარი კი არა ყაჩაღები არიან, სავაჭრო ცენტრები აქვთ სვეტიცხოველში იცით ეს თქვენ" - განაცხადა ინეზა შონიამ


გარემოვაჭრე ამბობს, რომ დღეს დაპირისპირების გამო შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს გამოძახებაც კი დასჭირდა.


"დღეს ვისხედით ჩვეულებრივად, გამოვიდა ეს მოძღვარი, გზასაც კი არ ვკეტავდით, რომც გადაგვეკეტა მოძღვარია ვინ ეკითხება?... გააჩერა მანქანა და გადმოგვძახა რა უსინდისო ქალები ხართო. ეს კი მხოლოდ იმიტომ გვითხრა, რომ იქ ვყიდით ნივთებს. ადრეც ყოფილა შემთხვევა, რომ შეურაცხყოფა მოუყენებია ჩემთვის. რა უზრდელი და უნამუსო ქალი ხარო, ვეღარ მოვითმინე და ლამის წავწვდი საყელოში... იმ წამსვე დავრეკე და გამოვიძახე პატრული. მცხეთის პოლიცია სულ ამბობს, რომ გარევაჭრობა აკრძალულია, არადა ეს მათი კომპეტენცია არ არის. თუ პრობლემაა გარემოვაჭრეობა ეს ქალაქის მერიამ უნდა გადაწყვიტოს და თუ ისინი მეტყვიან, რომ აკრძალულია ამას გავითვალისწინებ. სასწრაფოს გამოძახებაც დამჭირდა, საავადმოყოფში მთხოვდნენ გაყოლას, თუმცა არ გავყევი" - ამბობს ინეზა შონია


მამა სერაფიმე სატელეფონო ზარს არ პასუხობს.


წაიკითხეთ სრულად.