"ჩემს მორალურად გატეხვას შეეცადა" - რა უთხრა შეჯიბრზე ჰალკს რუსმა მეტოქემ

  • 12 დეკემბერი 18:42, 2019 წელი

ლევან საგინაშვილმა იგივე ჰალკმა ექვს რაუნდიან დაპირისპირებაში რუსი მეტოქე ვიტალი ლალეტინი 6-0 დაამარცხა. მისი მეტოქე ოკუპანტი ქვეყნის სახელით ასპარეზობდა.

შეჯიბრების ფინალი 9 დეკემბერს, პოლონეთში, ქალაქ რუმიაში გაიმართა.


საქართველოში ჩამოსულ ჩემპიონს თბილისის აეროპორტში მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.


 


ჩემპიონის გამოჩენას აეროპორტში, ოვაციები და შეძახილები მოჰყვა. ლევან საგინაშვლმა, იგივე ჰალკმა, პლანეტის უძლიერესი მკლავჭიდელის სტატუსის მოსაპოვებლად დიდი და გრძელი გზა გაიარა.


„ისტორიაში ასეთი მაღალი დონის შეჯიბრება მკლავჭიდში აქამდე არ ყოფილა, ეს პირველი იყო, თავისი საპრიზო ფონდითა და ორგანიზებით. პირველი ეტაპი ჩატარდა მალაიზიაში, მეორე ჩინეთში, ხოლო ფინალი პოლონეთში, სადაც დავუპირისპირდი რუს სპორტსმენს, რომელიც 6:0 დავამარცხე. ყველა ელოდებოდა ჩემს გამარჯვებას, ბევრი ვივარჯიშე და დამიფასდა“,- ამბობს ლევან საგინაშვილი.


დარბაზში, სადაც რუსი გულშემატკივარი უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვენი თანამემამულე, ლევანს იქ მყოფი ქართველი რაგბისტები ამხნევებდნენ.


"დარბაზში 90 პროცენტი რუსი გულშემატკივარი იყო, რაც ცოტა არასასიამოვნოა. რა თქმა უნდა, იყვნენ ქართველი გულშემატკივრებიც, რაგბისტი ბიჭები",- აცხადებს ქართველი ჰალკი.


მის მორალურად გატეხვას შეეცადა თავად რუსი მეტოქე, ვიტალი ლალეტინიც, თუმცა, ორთაბრძოლა ქართველი ჰალკის გამარჯვებით დასრულდა.


"ხელის პირველი გადაწევის დროს ცოტა გამიჭირდა. ერთ მომენტში ალბათ ეგონა ჩემს მეტოქეს, რომ მომიგებდა და ქართულად მითხრა - გამარჯობაო. რომ მოვუგე მივაძახე გაგიმარჯოს-მეთქი! ამის მერე მგონი არ უნდა გავებრაზებინე, თავისთვის ასე სჯობდა," - აცხადებს ლევან საგუნაშვილი.


წაიკითხეთ სრულად.