"პრეპარატი თავის დროზე შეიმუშავეს საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებმა"...

  • 12 დეკემბერი 17:04, 2019 წელი

ექსპერტი გია აბაშიძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტს სპეციფიკური სუნის შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პრეპარატი თავის დროზე საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებმა შეიმუშავეს.

"ნეოკმარელები ირწმუნებიან, რომ "ACD 2Ф" უვნებელია. თუმცა, ეს ვითომდა ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი უმეტეს ქვეყნებში აკრძალულია რეგისტრაციისთვის არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო.


პრეპარატი თავის დროზე შეიმუშავეს საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებმა, გრეგორი შტაბკვარწირას, დამსაქმებელთა კოჰორტაში.


ომის დროს სამხედროებისათვის მისი ეფექტი უნდა ყოფილიყო ზედმეტად სწრაფი რეგენერაცია, შოკის გაძლიერება იმ დონემდე, რომ ადამიანს დაეკარგა ტკივილის შეგრძნება. გამოირჩევა ჰიპერალერგიულობით, მხაფრი სუნით და დღემდე დაუდგენელი ეთერზეთოვანი მინარევებით. შემდგომში ეს პრეპარატი გაასაღეს როგორც მსხვილფეხა პირუტყვის სწრაფი ზრდის დანამატად. მას ასევე იყენებენ ექიმბაშები როგორც ანტისიმსივნურ პრეპარატად და ისინიც კი, იციან რა მისი ჰიპერალერგიულობა და ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიური ზეგავლენა, რეკომენდაციას უწევენ არაუმეტეს ერთ წვეთს კვირაში ერთხელ.


დანარჩენს კი საზოგადოება და სამართალდამცველნი განსჯიან..."



პლენარულ სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ ევროპული საქართველოს ორი დეპუტატი ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი იმყოფებოდნენ.


აღნიშნულის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში კონკრეტული ნივთიერება დაასხა.