"ფაზის ოილი" და საკონსულტაციო კომპანია "Deloitte & Touche" ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ

  • 11 დეკემბერი 17:52, 2019 წელი

შპს "ფაზის ოილი" და საკონსულტაციო კომპანია "Deloitte & Touche", მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, ყულევში, მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას მართავენ.

პროექტის შესაბამისად საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულ პროცესში ამ სფეროს მსოფლიოს არაერთი ლიდერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას (Axens, Tecnicas Reunidas, Royal dutch Shell).


შემდგომში ქარხნის მენეჯმენტის განხორციელების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს დარგის მსოფლიო გიგანტებთან, როგორიც არის Cepsa და Royal Dutch Schell.


საწარმოო პროცესში ნედლი ნავთობი თითქმის სრულად (98%-ით) გადამუშავდება.


წარმოებას მყარი ნარჩენები არ ექნება და საბოლოოდ, ეკოლოგიურად სუფთა, "ევრო 5"-ისა და "ევრო 6" სტანდარტის ბენზინისა და დიზელის საწვავს აწარმოებს.


ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებით, საქართველო, ნავთობპროდუქტების იმპორტიორებიდან, ექსპორტიორი ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაწყება 2021 წლისათვის იგეგმება და სამ წელს გაგრძელდება. მშენებლობის პროცესში 1500-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო ქარხნის ექპლუატაციაში მიღებისთანავე შეიქმნება 450 მუდმივი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი.


საინვესტიციო პირობის თანახმად, ქარხანაში დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. დასაქმებულთა დიდი ნაწილი გადამზადებას ევროპის სხვადასხვა ქარხნებში გაივლის.


ქარხნის მშენებლობისა და ამოქმედების პირველ ეტაპზე, პროექტს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი ექნება.


5 წლის შემდეგ, როდესაც ქარხანა სრული სიმძლავრით ამოქმედდება, საგადასახადო შეღავათები მოიხსნება და წინასწარი გათვლებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად მიახლოვებით 50-60 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.