გიორგი კეკელიძე: რამდენი ბავშვი მისულა თოკთან, კიდევ კარგი, ვერ გაუბედავს...

  • 26 აგვისტო 10:56

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკლიძე, თერჯოლის სოფელ ძევრში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურება. კეკელიძე მიიჩნევს, რომ ამ ერთი კონკრეტული ტრაგედიის მიღმა ბავშვებისადმი არასწორი დამოკიდებულება დგას.

გიორგი კეკელიძე ადამიანებს ბავშვების მოსმენისკენ მოუწოდებს.


„შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ.


იმ პატარა ბიჭის უბუდურების მიღმა, მთავარი ამბავი ის გახლავთ, რომ ჩვენგან დაგმობილი სასტიკი კაცი ვერ არის ერთადერთი. სამწუხაროდ, ვერ არის. ერთადერთი კი არა, ათასთა შორისაა. ეს ათასები ირგვლივ დადიან და გვიღიმიან. მერე ჩვენსავე თვალწინ „წამოარტყამენ“ ხოლმე პატარებს ან თმებში წვდებიან. „არ უჯერებს“ და „რა ქნან?“


ჩვენ ვდუმვართ. ან ეგებ ცოდვა გამხელილი სჯობს და იგივეს ვაკეთებთ. რამდენი ბავშვი მისულა თოკთან, კიდევ კარგი, ვერ გაუბედავს, მაგრამ დღემდე ყელზე აქვს ეს ყულფი - ეტყობა მათ თვალებს, ძალიან ეტყობა გაუგებარი და ბოროტი სასჯელი. ახლამოწვერილი ოცნებების შეშინება და დაფრთხობა წკეპლით - ყველაზე დიდი დანაშაულია გულუბრყვილო მოტივით, თითქოს ასე უკეთეს ადამიანებს ვზრდიდეთ. შიშით დამჯერ ადამიანებს - საბოლოოდ, ან საცოდავებს, ან გაბოროტებულებს.


დიახ, შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ. ასე უფრო უკეთესები გაიზრდებიან. ჩემზე და შენზე უკეთესები“, - წერს გიორგი კეკელიძე.


ცნობისთვის, სოფელ ძევრში 11 წლის ბიჭის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მამა დააკავეს.