ნინო ბურჯანაძემ გავრილოვის გამო მოსკოვში ბოდიში მოიხადა

  • 6 დეკემბერი 16:33, 2019 წელი

სააგენტო TACC-ის ინფორმაციით, "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ  რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევთან შეხვედრისას ბოდიში მოიხადა.

"არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო ამ აბსოლუტურად ამაზრზენი ინციდენტის გამო. მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ვერ დაგასრულებინებთ, ვიდრე ბოდიშს არ მოგიხდით. რადგან მიმაჩნია, რომ ეს უპირველესად, ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა", – თქვა ბურჯანაძემ კოსაჩევთან შეხვედრაზე.


TACC-ის ინფორმაციით, კოსაჩევმა, თავის მხრივ, ბურჯანაძეს ბოდიშისთვის მადლობა გადაუხადა.


იხილეთ სრულად.


საპროტესტო გამოსვლები და დარბევა თბილისში 2019 წლის 20 და 21 ივნისს, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა.


თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო "რედისონთან" დაიწყო, თუმცა შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს. ადგილობირივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა. საპროტესტო ტალღის შედეგად 21 ივნისს თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ხოლო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატზე უარი თქვა.