სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით შემცირდა

  • 5 დეკემბერი 22:51, 2019 წელი

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შეადრებით, 2019 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით არის შემცირებული, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა - 32%-ით.

„2018 წელს დაღუპულია 59 და დაშავებულია 199 ადამიანი, მიმდინარე წელს სამუშაო ადგილზე დაღუპულია 38 და დაშავებულია 135 პირი.


სამშენებლო სექტორში, ერთობლივი ინსპექტირების დასრულების შემდეგ, აგვისტოს ბოლოდან 5 დეკემბრის მონაცემებით, სამშენებლო ობიექტებზე დაღუპულთა რაოდენობა, მიმდინარე წლის ამავე სექტორში დაღუპულთა რაოდენობის მესამედია.


საწარმოო უბედური შემთხვევების აღრიცხვა განახლებული მეთოდიკით ხდება. აღრიცხული ინციდენტების რაოდენობაში შესულია აგრეთვე საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევათა მონაცემები. ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება განხორციელებულია იმგვარად, რომ გამოირიცხოს საწარმოო უბედური შემთხვევების სტატისტიკაში ზედმეტი, დაუზუსტებელი ან/და შეუსაბამო ინფორმაციის მოხვედრა.


2020 წლიდან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, დაგეგმილია შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინსტიტუციური გაძლიერება და ინსპექტორების რაოდენობრივი ზრდა", - ნათქვამია ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.