ბიძინა ივანიშვილმა ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილე მიულოცა

  • 10 აგვისტო 12:45

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მომღერალს, ლოტბარს, კომპოზიტორს, საგუნდო დირიჟორს, ხალხური სიმღერების შემკრებს ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილე მიულოცა.

„გულწრფელი პატივისცემითა და დიდი სიყვარულით ვულოცავ იუბილეს გამორჩეულ კაცს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, რომელსაც განგებამ ადამიანისთვის ყველაზე სანუკვარი მისია - ერის სამსახურში დგომა განუსაზღვრა და რომელმაც 8 ათეული წელია ამ ტვირთის ზიდვის პასუხისმგებლობა იკისრა.


ანზორ ერქომაიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს ნამდვილ საგანძურს - უნიკალურ ქართულ ფოლკლორს, ეროვნულ პოლიფონიას, რომელიც ვაზთან, ნინოს ჯვართან და ქართულ ღვინოსთან ერთად, ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია.


დღეს მრავალხმიან ქართულ ხალხურ სიმღერას სულ უფრო მეტი მსმენელი და დამფასებელი რომ ჰყავს მთელს მსოფლიოში, ჩვენ რომ შეგვიძლია საგულდაგულოდ მოძიებული და შეგროვებული საგანძური მომავალ თაობებს გადავცეთ, ეს ბატონი ანზორის განუზომელი თავდადებისა და ერთგულების დამსახურებაა.


კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველასთვის საამაყო ქართველს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილეს. ვუსურვებ მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს! სიყვარულით და პატივისცემით, ბიძინა ივანიშვილი“, - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მილოცვის ტექსტში.


ანზორ ერქომაიშვილი 1969 წლიდან საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ხოლო 2014 წლიდან თბილისის საპატიო მოქალაქეა. აგრეთვე გახლავთ შემდეგი წიგნების ავტორი - „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“ და „ბაბუა“.


ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელს, გამოჩენილ მომღერალსა და ლოტბარს, კომპოზიტორს, ანზორ ერქომაიშვილს 10 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა.