გურამ ნიკოლაშვილი: ტრანს - ანატოლიის გაზის მილსადენის ამოქმედება საქართველოს რეგიონალურ როლს ამყარებს

  • 2 დეკემბერი 18:44

ტანაპი, ანუ ტრანს ანატოლიური გაზსადენი ეწოდება პროექტს, რომლის ღირებულებაც 78 მილიარდი დოლარია და კვეთს თურქეთის ტერიტორიას მთელ სიგრძეზე, საქართველოდან ევროპამდე. ევროპის საზღვრიდან მილსადენი გრძელდება მონაკვეთით, რომელსაც ტაპი, ანუ ტრანს ადრიატიკული გაზსადენი ეწოდება, საბერძნეთის გავლით იტალიამდე. ტაპის დასრულება 2020 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი და მილსადენების ერთიან ქსელში გატარებული გაზის მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება”,- ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ენერგეტიკული დერეფნის ამგვარი მნიშვნელოვანი როლი, ზრდის რეგიონულ უსაფრთხოებასაც, საქართველო თურქეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ ალიანსში მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქციას ასრულებს.


„როგორც ცნობილია, საქართველო წარმოადგენს ერთადერთ ენერგეტიკულ დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს აზერბაიჯანის განკარგულებაში არსებული საბადოებიდან ენერგომატარებლების ტრანსპორტირებას დასავლეთის მიმართულებით. სამხრეთ კავკასიური მილსადენის მეშვეობით აზერბაიჯანული ენერგია საქართველოს გავლით ხვდება თურქეთში, ბაქო - თბილისი - ერზერუმის მარშრუტით, იქიდან კი თურქეთის სამხრეთში არსებულ პორტ ჯეიჰანში. ამ გზით მიედინება ნავთობი.


დღეს კი ვისაუბრებთ გაზის მილსადენზე, რომელიც შაჰ-დენიზის გაზის საბადოდან ბუნებრივ აირს ევროპამდე მიიყვანს. ორი დღის წინ თურქეთში გაიმართა გაზსადენის ინაუგურაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრიც დაესწრო. ტანაპი, ანუ ტრანს ანატოლიური გაზსადენი ეწოდება პროექტს, რომლის ღირებულებაც 78 მილიარდი დოლარია და კვეთს თურქეთის ტერიტორიას მთელ სიგრძეზე, საქართველოდან ევროპამდე. ევროპის საზღვრიდან მილსადენი გრძელდება მონაკვეთით, რომელსაც ტაპი, ანუ ტრანს ადრიატიკული გაზსადენი ეწოდება, საბერძნეთის გავლით იტალიამდე.


ტაპის დასრულება 2020 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი და მილსადენების ერთიან ქსელში გატარებული გაზის მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება. ვინაიდან საქართველო ამ კორიდორის მნიშვნელოვანი მონაწილეა, მას საშუალება ეძლევა მიიღოს დამატებითი გაზის მოცულობები და ამავე დროს იყიდოს კიდეც შეღავათიან ფასად. დღესდღეობით ქვეყანა საბაზრო ფასთან შედარებით სამჯერ იაფად ყიდულობს ბუნებრივ აირს ამ სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან. ტანაპი პირველ ეტაპზე წლიურად 16 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს, რაც წლების განმავლობაში 60 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ენერგეტიკული დერეფნის ამგვარი მნიშვნელოვანი როლი ცხადია ზრდის რეგიონულ უსაფრთხოებასაც, საქართველო თურქეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ ალიანსში მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქციას ასრულებს“,- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.