გიორგი ჩაკვეტაძე ახალგაზრდულ კვირეულზე: „ყველას ველოდებით განახლებულ ორბელიანზე რვა საათზე“

  • 2 დეკემბერი 18:22

„ყველას ველოდებით განახლებულ ორბელიანზე დღეს, რვა საათზე” - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით დაწყებული ახალგაზრდული კვირეულის კომენტირებისას.

მისი თქმით, ახალგაზრდული კვირეული ორბელიანის მოედანზე კონცერტით გაიხსნება:



„ჩვენ, დღეს, აღვნიშნავთ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას და ერთად ვამბობთ წინ ევროპისკენ. ახალგაზრდული კვირეული დღეს დაიწყება და შაბათს, ასევე საზეიმო ღონისძიებით დასრულდება. ჩვენ ველოდებით ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მათ შორის რეგიონებიდან, მათ შორის სტუდენტებს” - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.



რაც შეეხება რეგიონებიდან ახალგაზრდების ჩამოსვლას, გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, მათ თავად გადაწყვიტეს, შეერთებოდნენ ახალგაზრდულ კვირეულს:



„ამ ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტეს, რომ შემოგვიერთდნენ. ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის საორგანიზაციოსაც, პარტია უჭერს მხარს და აფინანსებს. ტრანსპორტირება და კვება ინდივიდუალურია. სტუდენტების შემთხვევაში, თვითმმართველობების ფუნქცია ისიც არის, რომ ორგანიზება გაუწიოს და რადგან ინფორმაცია ჰქონდათ და ცალ-ცალკე თვითონ ვერ მოახერხებდნენ წამოსვლას, თვითმმართველობა ინდივიდუალურად დაეხმარა, რომ თავიანთი ხარჯებით, ანუ თითოეული ამ ადამიანის ხარჯით წამოვიდნენ ისინი თბილისში” - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.