ქუთაისში გზის დაზიანებულ მონაკვეთზე გამაფრთხილებელი ნიშანი ქალაქის მერის გამოსახულებით განათავსეს

  • 2 დეკემბერი 17:09

ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, გზის საფარი დაზიანებულია და ბარიკადებითაა შემოსაზღვრული გამაფრთხილებელი ნიშანი კი ქალაქის მერის გამოსახულებაა.

რამდენიმე დღის წინ, ქუჩაზე განთავსებული ბარიკადების გამო ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, ადგილზე დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები მივიდნენ და გამაფრთხილებელი ნიშანი, ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას გამოსახულებით განათავსეს.


"ეს ბარიკადები ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებულ ჩვეულებრივ მახეს წარმოადგენს, რასაც ყველა ვერ გადაურჩება. რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევაც კი მოხდა. თვეზე მეტია ეს მდგომარეობაა. მერია სავარაუდოდ სხვა სტრუქტურისკენ გაიშვერს ხელს, მაგალითად წყალმომარაგების კომპანიისკენ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. მერიამ მიიღო ამ ქუჩის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება, გზა დააგო, შესაბამისად კოორდინაციაში უნდა ყოფილიყვნენ ერთმანეთთან. ჩვენ, ისევე როგორც თეთრი ხიდის შემთხვევაში, აქაც განვათავსეთ გამაფრთხილებელი ნიშნები. იმედი გვაქვს, თუკი მერია ერთი თვის მერეც არ აღმოფხვრის ამ პრობლემას, ადამიანები მაინც შეამჩნევენ ამ ნიშანს და არ დაზარალდებიან,“- ამბობს "ევროპა ჩვენი სახლიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.


ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხი მათ არ ეხებათ და პრობლემის მოგვარებაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ უნდა იზრუნოს.