უკვე ვიცი როგორია შინაგანად სიკვდილი - მარიამ გეგუჩაძე

  • 3 აგვისტო 17:22

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი მარიამ გეგუჩაძე, გარდაცვლილ ბებიას იხსენებს და მისი მონატრებით განცდილ ტკივილს სოციალურ ქსელში სტატუსით გადმოსცემს.

მარიამი წერს, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ საკუთარი თავი და ცხოვრება სხვანაირად დაინახა.

გეგუჩაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: 

„ძალიან ბევრს ვფიქრობ ბებიაჩემზე.

როგორ მენატრება, რა ხდება ჩემს გარშემო, როგორ უნდა ვიცხოვრო... თითქოს ზოგჯერ ვალაგებ აზრებს, მერე ყოველ დილით თავიდან იწყება საკუთარ თავთან ჭიდილი.

ბევრი ფიქრისაც მეშინია. ჯერ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება არ მაძლევს იმის საშუალებას რომ ვიცოდე, მაშორებს თუ მაახლოვებს რაიმე სიმართლესთან ბევრი ფიქრი.

უკვე ვიცი როგორია შინაგანად სიკვდილი. იდეაში მთელი „მუღამი“ ის უნდა იყოს, რომ ვეღარაფერს გრძნობდე... არადა ხვდები რომ არაფერი ხდება ისე როგორც გეგონა რომ მოხდებოდა. შინაგანად მკვდარს მაინც მქონია ყველაზე დიდი ტკივილის განცდის უნარი.

მეგონა საკუთარ თავს ვიცნობდი. თურმე არა. მეგონა ცხოვრება ვიცოდი, იმ მინიმალური რუტინით, რომელიც საკუთარი თავისთვის მქონდა შექმნილი-არ ყოფილა ასე. ვეღარ ვცნობ ვერაფერს და ჩემი შინაგანი სტრუქტურა მთლიანად გაუცხოვებულია. თავიდან ვიწყებ ცხოვრების სწავლას.

და რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, მაინც შენი თავიდან დაბადება ხდება. სადაც გეძლევა საკუთარი თავის აღმოჩენის ახალი შესაძლებლობები. სადაც უკვე განცდილი გრძნობები და შეგრძნებები რომლებმაც მნიშვნელობაც კი დაკარგეს სიხშირიდან გამომდინარე, თავიდან დაგატყდება თავს და გგონია რომ პირველად განიცდი.

საყვარელი ადამიანის დანახვას, წყენას, ქვიშაზე სეირნობას, მონატრებული ადამიანის ხმის გაგებას, ცხელი სიმინდის ჭამას, ცივი წყლის დალევას სიცხეში.

და მაინც, ეს ერთი დღის ისტორიაა, ყოველ დღეს თავისი აქვს. განსხვავებული და ზოგი, საშინლად მძიმე.

ჩემი არსებობის ღერძი სხვა სამყაროშია და ყველა ჩემი უჯრედით და მთელი ჩემი არსებით მენატრება!“

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლინის დედა და მარიამ გეგუჩაძის ბებია 13 ივლისს სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.