სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს აღიქვამენ როგორც სამაგალითო ქვეყანას - კახა კუჭავა

  • 1 აგვისტო 13:03

„არჩევნებამდე იქნება გარკვეული მცდელობები იმისა, რომ ლობისტების გამოყენებით ოპოზიციამ შეძლოს ვიღაცების ტყუილში დარწმუნება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სიკერმა კახა კუჭავამ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის ვიცე-სიკერმა კახა კუჭავამ ტვ „იმედის“ ეთერში.


მისი თქმით, არჩევნებამდე იქნება გარკვეული მცდელობები იმისა, რომ ლობისტების გამოყენებით ოპოზიციამ შეძლოს ვიღაცების ტყუილში დარწმუნება.


„აქაც კი ბევრი შეცდომა მოსდით. კონგრესმენი მალინი არის  კომპანია „ფრონტერას“ რეგისტრირებული ლობისტი. წერილში ძალიან მარტივი ფაქტობრივი შეცდომა გაეპარათ. ოპოზიციამ არ მისცა ხმა საარჩევნო ცვლილებებს და ის რომ არ გასულიყო, ექნებოდათ სალაპარაკო, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო საარჩევნო ცვლილებების მიღება. დღეს იმაზე საუბარი, რომ ცვლილებები არ განხორციელებულა არარელევანტურია. პარალელურ რეჟიმში სახელმწიფო მდივანი აკეთებს კომპლიმენტს და აქებს პრემიერს იმ განხორციელებული ცვლილებებისთვის, რომელმაც საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო დემოკრატიული გახადა. ჩვენ პირნათლად ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რომელიც ავიღეთ. დარწმუნებული ვართ, არჩევნებს ჩავატარებთ იმ სტანდარტებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ ვიამაყოთ მისი მსვლელობით, შედეგებით და პროცესით“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.


მისი თქმით, საქართველო წარმოადგენს უპირობო ლიდერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. 


„საქართველო არის ის მაგალითი, რომელზეც სხვებს ეუბნებიან, რომ აი, ასე უნდა განახორციელო რეფორმები, ასე უნდა შეძლო დემოკრატიის გამყარება, მათ შორის, ინსტიტუციურ დონეზე, და ეს არის წარმატების ხაზგასმა და ყველასთვის ჩვენება. საერთაშორისო პარტნიორებისთვის ყოველთვის იყო და იქნება მაღალი მოლოდინი საქართველოს მიმართ. ამ მოლოდინზე ხაზგასმა, რომ იმედი აქვთ, საქართველოში მაღალი დონის არჩევნები ჩატარდება, ჩემი აზრით, ძალიან კარგია, რადგან სტრატეგიული პარტნიორი და სხვა პარტნიორები საქართველოს აღგვიქვამენ როგორც სამაგალითოს და აქვთ მოლოდინი, რომ კიდევ უფრო კარგი მაგალითი ვიქნებით“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.