ლეგენდარული მსახიობი ლეილა აბაშიძე 91 წლის გახდებოდა

  • 1 აგვისტო 11:17

დღეს, 1-ელ აგვისტოს, ქართველი კინომსახიობი ლეილა აბაშიძე 91 წლის გახდებოდა. მას უცხოური პრესა ჰოლივუდის მსახიობ მერი პიკფორდს ადარებდა.

ტაბლოიდები წერდნენ, რომ საბჭოთა კინოსამყაროს სილაღითა და ნიჭიერებით სავსე აქამდე ჯერ არნახული საკუთარი ვარსკვლავი ჰყავდა.



მსახიობის მიერ განსახიერებული ქალები იყვნენ მიზანდასახულები, მებრძოლები და თავდაჯერებულები, რაც ერთგვარი ამოვარდნა იყო ცხოვრებისგან გატეხილი ქართველი ქალის სახიდან, რომელსაც ქართულ კინოში ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. 



ნიჭიერების გარდა ლეილა უზომოდ განათლებული იყო, წერდა სცენარებს და იმასაც კი ამბობდნენ, რომ მისგან შეუდარებელი მწერალი დადგებოდა.



დიდი მსახიობების ცხოვრება ბევრი ტრაგიკული ამბით არის სავსე. აბაშიძემ უამრავი ტრაგიკული ისტორიის ფონზე, 35 წელზე მეტი იცხოვრა მოლოდინით, რომ ერთ დღეს ეკრანზე დაბრუნდებოდა, თუმცა ქართული კინოს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ამ ოცნების ფონზე ჩაქრა.



აბაშიძე 1940 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში". 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა". 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.


1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან" ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი" რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. არის მხატვრული ფილმების „მოლოდინი," „კოშკები სდუმან" სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი" სცენარის ავტორი და რეჟისორი.


მასალა მომზადებულია ვიკიპედიაზე დაყრდნობით.