ბიჭის ისტორია, რომელსაც მოულოდნელად სიმსივნე აღმოაჩნდა - ქიმიის გაკეთებისას საერთოდ ვერაფერს გრძნობ...

  • kobiliveblog.wordpress.com
  • 1 აგვისტო 12:14

მთამსვლელი, მოგზაური და ბლოგერი გიორგი კობიძე, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, საკუთარ ბლოგში, დაავადების აღმოჩენიდან დღემდე განცდილი ემოციის შესახებ ჰყვება.

გიორგი მისი ამბით იმ ადამიანებს ამხნევებს, რომლებსაც კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ შოკი აქვთ, განსაკუთრებით კი ქიმიო-თერაპიის ეშინიათ. თავად კი ამბობს, რომ დაავადებასთან ბრძოლას მის დამარცხებამდე გააგრძელებს.


„არც კი ვიცი საიდან უნდა დავიწყო, ალბათ პირველი და უმთავრესი რისი თქმაც მინდა ისაა, რომ არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე.


ჩემი თავი ყოველთვის ყველაზე ჯანმრთელი მეგონა, ვერასდროს ვიფიქრებდი მარტივი ჩარევების გარდა რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა თუ შეიძლებოდა შემქმნოდა, თუმცა როგორც ჩანს არასდროს იცი რა გელოდება ერთი უბრალო დღე იყო როცა ხერხემალზე MRI გადასაღებად მივედი, ყველაფერმა საკმაოდ დიდხანს და რთულად ჩაიარა: ყურებში საშინელი ხმები მესმოდა (ვისაც ჩატარებია ეს პროცედურა დამეთანხმება რომ საშინელებაა) გრძელ გვირაბში შედიხარ და უჰაერობა გტანჯავს, ხელში რაღაცას გაჩეჩებენ რომელსაც უნდა მოუჭირო ხელი თუ ვეღარ ისუნთქებ… ორჯერ მომიწია ე.წ. SOS ღილაკისთვის ხელის მოჭერა, გამოვყავარ, დამამშვიდებელს მაძლევენ, უკან მაბრუნებენ და როგორც იქნა ასრულებენ გადაღებას და გარეთ მისტუმრებენ. ყველას გარეთ აწვდიან პასუხს, აი ჩემი გვარი კი გამოაცხადეს და შიგნით დამიძახეს. აქ მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო წესრიგში. კომპიუტერთან მისვლისას რადიოლოგი მშვიდი სახით მესაუბრება რომ გაურკვეველი წარმოშობის უცხო სავარაუდოდ სიმსივნური სხეული გამოჩნდა შემთხვევით ჩემს შუასაყარში, გაკვირვებული ვუსმენ და ვერ ვხვდები რა რეაქცია უნდა მქონდეს. ვიტირო? აზრი არ აქვს. ვიცინო? ამას რა აზრი აქვს… ერთი ვიცი რომ მშობლებს რომლებიც ქვემოთ მელოდებიან მაქსიმალურად არ უნდა ვაგრძნობინო როგორ ვღელავ, თუმცა დამალვაც არ შეიძლება. ჩავდივარ და ვეუბნები: დედა, მამა, კარგი და ცუდი ამბავი მაქვს, კარგი ისაა რომ ხერხემალზე თიაქარი არ მაქვს, აი ცუდი კი გულთან დიდი ზომის სიმსივნე აღმომაჩნდა. მთელი გზა ყველას გვიჭირს საუბარი, ვიწყებთ გადამოწმებებს და სასწრაფო მკურნალობებს. პირველი დღეები ძალიან მიჭირს, უაზრო ფუჭი სიტყვები ხალხისგან, რომლებსაც მართლა უნდათ (ან არ უნდათ) რომ განუგეშონ და გეუბნებიან ყველაზე უაზრო რაღაცას: ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება… არა მეგობრებო, არაფერი არ იქნება კარგად და ეს არის ყველაზე უაზრო რამ ალბათ რაც შეგიძლიათ ონკოპაციენტს უთხრათ მაშინ, როცა წარმოდგენა არ გაქვთ რას გრძნობს და რისი გავლა მოუწევს მას.


მოკლედ ასე თუ ისე ექიმი შევარჩიე და გადაწყდა, რომ სასწრაფოდ ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ და აი აქ გაჩნდა კითხვა:თურქეთში ხომ არ წავიდეთ? რაზეც გადავწყვიტე რომ ქართველ ექიმებს ვენდობოდი და თან კორონას გამო არ მიღირდა სტამბულამდე რეანომობილით ჩასვლა. ოპერაცია 1 ივნისს ჩაინიშნა, კალენდარში გავლილი ყოველი დღე კი უარესად მხდიდა. ელოდები ოპერაციას რომელზეც წარმოდგენა არ გაქვს რა მოხდება.


ოპერაციის დღეც მოვიდა და ნერვიულობამაც იმატა. არასდროს დამავიწყდება ოპერაციაზე შესვლის წინ როგორ მკითხა სანიტარმა ცოლ-შვილი მაინც თუ გრჩება შვილო ამ პატარა ბიჭსო. ოპერაცია გამიკეთეს ფანტასტიურად, სრული მასა 18 სმ და 3 კგ აღმოჩნდა რომელიც ჩაზრდილი იყო პერიკარდში, მარჯვენა პლევრაში და დიაფრაგმის ნერვში. შესაბამისად ამ ნაწილების ამოკვეთა გახდა აუცილებელი… ნუ ოპერაციის შემდგომ აუტანელ ტკივილებზე და მორფებზე ბევრს არაფერს ვიტყვი რადგან მაინც ვერავინ გაიგებთ ამას და ფუჭად დახარჯული სიტყვები იქნება… მოკლედ მეთერთმეტე დღეს გამომწერეს და დიდი ამალით მოვედი სახლში, მგონია რომ ოპერაციით დასრულდა ყველაფერი თუმცა აღმოჩნდა რომ ქიმიოთერაპიის კურსი კიდევ მჭირდება, ჯამში 21. დიდად ვინერვიულე ამ ფაქტზე თქო რომ ვთქვა მოვიტყუები რადგან ნებისმიერ შედეგს და ამბავს ფსიქოლოგიურად შეგუებული ვიყავი წინასწარ (მათ შორის იმასაც რომ ეთქვათ თუნდაც ხვალამდე დაგრჩა სიცოცხლეო)… მე ბრძოლა მინდოდა და ახლაც მინდა, არასდროს და არაფერს დავნებდები, მითუმეტეს ამ ამბების შემდეგ.


ქიმიებზეც ვიტყვი ორ სიტყვას. არ დაიჯეროთ რაც ფილმებში ხდება და თუ ვინმე წაიკითხავს ამას ვისაც ქიმიის გაკეთება მოუწევს მომავალში, გაითვალისწინე რომ ყველაფერი ინდივიდუალურია და რაც მე მომდის (ვგულისხმობ თანმდევ ეფექტებს) შეიძლება შენ საერთოდ არ მოგივიდეს. პირველ რიგში ქიმია არ არის რაღაც საოცრება, ბნელ სარდაფში არ ჩაყავხარ სადაც ძველი ყინულიანი ვანა გხვდება  ეს უბრალო გადასხმაა რომელშიც ძვირფასი მეტალები (უმეტესად) შეყავთ. საერთოდ ვერაფერს გრძნობს, ანუ თავიდან 2-3 დღე ჩვეულებრივ ისხავ და ვერანაირ სხვაობას ვერ გრძნობ, გინდ რინგერი გადაგისხია და გინდ ეს. მესამე დღიდან საკმაოდ დავსუსტდი, მეოთხე დღეს ვეღარ ვჭამე და მეხუთე დღეს საწოლიდან ვერ ავდექი. მეექსვზე დღეს ანუ შაბათს სახლში გამწერეს და დეტოქსიკაციის გადასხმაც გამიკეთეს რომელიც თურმე საოცრებაა… სახლში მისვლიდან 20 წუთში უკვე საჭმელს ვითხოვ და აქ იწყება დაუსრულებელი ჭამა. მოკლედ ცოტახანში ისეთ ენერგიაზე მოვდივარ რომ მგონია ცას და ქვეყანას მოვიკიდებ ზურგზე.  ნუ ბოლომდე არ განვავრცობ ამ ყველაფერს რადგან ისეთი მომაბეზრებელი გახდება რომ ალბათ აღარავინ წაიკითხავს.


მოკლედ რისი თქმა მინდოდა, 11 ქიმია გავიკეთე და სისუსტის მიუხედავად ისევ ბრძოლის ხასიათზე ვარ! ბრძოლა გრძელდება და არ დავნებდები სანამ ბოლომდე არ ამოვძირკვავ ამ საშინელებას ჩემი ორგანიზმიდან.


პ.ს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დამემხმარა ან ვერ დამეხმარა თუმცა მოინდომა. განსაკუთრებული მადლობა კი გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონს და ჩემ მეგობრებს, რომლებიც ყოველ წამს გვერდში მიდგანან და არ მაძლევენ მოდუნების საშუალებას. არ ვიცი ასე როგორ გამიმართლა რომ მეგობრების 95% სწორად არჩეული გამოდგა და წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებდნენ მთელი ეს პერიოდი რომ აქამდე მოვსულიყავი“.





სრული ვერსიის ნახვა kobiliveblog.wordpress.com