ბიჭებს უფრო სხვანაირი ტვინი აქვთ - ფრაზები, რომლებსაც მშობლები გამოცდის დროს ამბობდნენ

  • edu.aris.ge
  • 14 ივლისი 16:25

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებს მათემატიკაში ჰქონდათ.

 

ტრადიციულად დღესაც საგამოცდო ცენტრთან მშობლები შვილებს ელოდნენ. edu.aris.ge ავრცელებს ფრაზებს, რომლებსაც დღეს, საგამოცდო ცენტრებთან შეკრებილი მშობლებისგან მოისმენდით.


„მათემატიკა უფრო ბიჭებს აინტერესებთ“, „ბიჭებს უფრო სხვანაირი ტვინი აქვთ, სხვანაირად ჭკვიანები არიან“, „კაცებისთვის მათემატიკის სწავლა უფრო ადვილია, ქალს უფრო უჭირს, რა თქმა უნდა“ – ამბობდნენ მშობლები.


როგორც აღმოჩნდა, სტერეოტიპული მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ ტექნიკური საგნები და პროფესიები უფრო „ბიჭების საქმეა“, საზოგადოების ნაწილში ჯერ კიდევ ფესვგამდგარია. მშობლები (ძირითადად დედები), რომლებიც საგამოცდო ცენტრებთან შვილების გამოსვლას უცდიან, აბსოლუტური დარწმუნებით საუბრობენ იმაზე, რომ მათემატიკა, ფიზიკა და მსგავსი ტექნიკური საგნები, ისევე როგორც სამეცნიერო პროფესიები, ბიჭებისთვის უფროა განკუთვნილი და ამას იმით ხსნიან, რომ “ბუნებრივად” ქალის ტვინი სხვანაირადაა მოწყობილი, კაცის კი – სხვანაირად და ამ უკანასკნელებს ათვისებისა და დამახსოვრების განსაკუთრებული, თანდაყოლილი ნიჭი აქვთ.


ერთ-ერთი მშობელი კი იმასაც ყვებოდა თუ როგორ ცდილობდა საკუთარი გოგონას გადარწმუნებას ჩასაბარებელ საგნებს შორის მათემატიკის არჩევისას, თუმცა არაფერი გამოუვიდა.


ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25  მდე გაგრძელდება.

სრული ვერსიის ნახვა edu.aris.ge