დღეს ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა - გენიალური ფრაზები კლასიკოსის შემოქმედებიდან

  • 14 ივლისი 10:49

ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი, სადაც 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა უდიდესი ქართველი პოეტი და ჰუმანისტი ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი).

„ვაჟა-ფშაველა“ პეტერბურგში თუშმა მეგობარმა დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა. მან იცოდა, რომ „ვაჟა“ ფშავ-ხევსურეთში ვაჟკაცს ნიშნავს. დიმიტრი ხან „ვაჟას“ ეძახდა, ხან „ფშაველას“. მერე შეაერთა და „ვაჟა-ფშაველა” დაუძახა. ერთხელ დილით, ადრე , როგორც გადმოგვცა გიგა ყიფშიძემ, რედაქციაში ჩამოვიდა ილია, ყურში კალამგადებული და არაჩვეულებრივი აღტაცებით გვითხრა: „დაგვებადა, დაგვებადაო!“ ეს სიტყვები გაიმეორა რამდენჯერმე. შემდეგ გამოიღო ყურიდან კალამი, დადო მაგიდაზე, გადმოგვცა ვაჟას პოემა „მოხუცის ნათქვამი“ და თქვა : „დღეიდან მე თავისუფალი ვარ, დაგვებადა უნიჭიერესი მგოსანი. პოემა ხვალისთვის დაბეჭდეთ, მთლიანად, არ გაწყვიტოთო”. თანამშრომლები გაოცებული დავრჩით ასეთი საქციელით, მწერლის დაფასება-ქებაში ილია ძალიან ძუნწი იყო,“ - იხსენებდა შიო მღვიმელი.


* ადამიანის გონება ყველას და ყველაფრის დაბერებას შეურიგდება, ხოლო სიბერე ერისა საშინელებაა.


* თუ სამღთო წესების ასრულებას არავინ სთხოვს, მაინც ამით მართლულობენ მუდამ მღვდლები თავსა, საპოლიტიკო მოღვაწეობა ხომ ფართოა.


* ვგონებ ჩემთან ერთად თქვენც იტყვით, რომ სულიერი მამები არიან „მიიღე ჯამაგირის“ პარტიისა…


* ზღვაში ბევრი წყალი ერევა, მაგრამ ზღვას მაინც ზღვა ჰქვიან და ზღვაც იმიტომ არის, რომ ყველა იმ მდინარეთ იტევს, ისისხლხორცებს და საკუთარს დიდებულს სახელს არა ჰკარგავს.


* ადამიანის ფიქრის ერთი საქებური თვისება - მოვლენათა მიზეზების ძიებაა.


* ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია.


* თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით, ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა.


* ბუნების ცოდვა ეს არი, მუდამ საწყინო ჩემია, ავსა და კარგსა ყველას ჰკლავს, არავინ გადურჩენია.


* მაშ რისთვის მინდა სიცოცხლე, სული რადა მრჩავ პირშია, თუკი არ გამოვადგები სამშობლოს გასაჭირშია.


* გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა, გული გულადვე რჩებოდა.


* ბრიყვი ჭკვიანის ბარგია, ზურგით სათრევი გუდადა, უნდა ჭკვიანმა ასწოროს ბრიყვის ნათალი მრუდადა.


* მწერლობა მაშინ ასრულებს თავის წმინდა მოვალეობას, როცა უკეთესად ემსახურება ქვეყანას.


* განა ყველა რაც ხმელია, კაცთაგან საწუნარია? ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია.


* ყვავილი ყვავილთან ჰყვავის.


* სამშობლოს არვის წავართმევთ, სხვაც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით მკვდარასაც კი გაეცინება.


* მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, – არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის.


* მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა.


* დედაა გადამწყვეტი შვილების ბედიღბლისა, შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ დედამ რა შთაბეჭდილებებით ასაზრდოვა შვილის ნორჩი, მაგრამ ღრმად აღმბეჭდი გული და გონება. ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული, განვითარებული, რათა შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში სთესდეს თესლს კეთილისა, დიახ, ესმოდეს დედაკაცს, შვილი როგორ აღზარდოს შინ, ოჯახში, და გარეთ საზოგადოებაში რა აზრები გაავრცელოს, რას ემსახუროს, ვინაიდან მას შეუძლიან დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს.


* ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი. მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა საიდან სადა? ნუთუ რუსეთი არ არის საშიში მეზობელი ჩვენთვის? ნუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა.


* ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია.


ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს.


* მეზობლები ვართ, მეზობლებიო! ვერაფერი ერის აღმზრდელი აზრი გახლავთ. ეს იცით რასა ჰგავს? კაცსა სცემდე და იმას უყვიროდე ხელი არ გაიქნიო, ხელი არ გასძრა, ხუმრობა საქმე არ არის, მაღლიდამ ღმერთი ჰხედავს მტყუანსა და მართალსა!


* მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულეობენ მამაკაცებთან თანასწორ უფელბას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამ საკითხზე გაჭიანურებულ პასუხს არ მოგცემ... მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერც ვერავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას... დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა, ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება.


* სარწმუნეობა მე მესმის, როგორც შედეგი ადამიანის გონებრივის, სულიერი განვითარებისა და არა იმათი შუაზე გადალეწა-გადამტვრევისა და დასახიჩრებისა. ძალად შეიძლება მხოლოდ ფორმა შეათავსებინო ადამიანს, ფორმა სარწმუნოებისა, ხოლო ამ საშუალებით მის მართლომრწმუნედ გახდომა ყოვლად შეუძლებელია. დღეს სადა გვაქვს ჩვენ ნამდვილი ეკლესია? მიჩვენეთ თუნდ ერთი რომელიმე კუთხე საქართველოში მთასა, გინა ბარსა, ეკლესია ასრულებდეს ნამდვილს თავის დანიშნულებას? ძალიან ძნელია ამისთანა ეკლესიის პოვნა.ეს სატკივარი ჟამთა ვითარების ნაყოფია. დღევანდელი ჩვენი ეკლესია ფორმაში გამოიხატება, ხოლო მღვდლის სამსახური მარტო წესების ასრულებაში.


* მთასა თუ ველს, ქვასა თუ ლოდს, ცხოველსა თუ მცენარეს აქვს თავისი სიმბოლური ფიქრი და წუხილი და შენ, ადამიანო, რა დაგემართა, რატომ დაკარგე სინდის-ნამუსი?!


* მუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო. კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!


* აბა კაი ბიჭი ხარ და ქართველ კაცს გააბედინებ, ათქმეინებ თავის მოწინააღმდეგის შესახებ, რომ თუმცა ერთსა სტყუი, მაგრამ ეს ერთი რამ კი სიმართლე სთქვიო. რაკი მოწინააღმდეგე ხარ, სრულიად, თავიდან ბოლომდე მტყუანი ხარ, მართლის თქმა, მართლის ქმნა არ ძაგლიგსაო.


* ჩვენში ძალიან სათაკილოდ და ვითომ ნიჭის დამამცირებლად მიაჩნიათ მწერალზე სხვისი გაველან.


* ილია იმდენად ჭკვიანია, იმდენად უყვარს ქართველები და საქართველო, რომ მამაპაპათა წინაშე დაჰმალავს ტყვიებსაც, წყლულებსაც, რომ ჩვენზე ცუდი არ ათქმევინოს და არ აფიქრებინოს, არ გააჯავროს ისინი ჩვენზე.


* „საწყალი ილია, საწყალი ილია!” მესმის გულსაკლავად წარმოთქმული აქეთ-იქიდან სიტყვები მამათა და დედათა მიერ. საწყალი ილია? არ არის ილია საწყალი, ვინაიდან მან აასრულა თავისი მოვალეობა წინაშე თავის ქვეყნისა. იბრძოლა, იღვაწა ჩვენს სასარგებლოდ და დაღლილ-დაქანცული მიებარა ცივ სამარეს, ჩაიყოლა თან ისევ ჩვენი დარდი, დარდი თავის ქვეყნისა. გაიყოლა თან ის ტყვიები, რომლითაც ჩვენ იმას გავუმასპინძლდით, წყლულები ჩვენ მიერ დაჩნეული. ჩაიყოლა თან ყველა ეს ჩვენ მიერ მიძღვნილი სასიქადულო ძღვენი.


* ილიასთანა ადამიანებს სიცოცხლეშივე ძეგლებს უდგამენ უცხოეთში, ხოლო ჩვენ კოცონზე ვწვავთ, ვკლავთ, როგორც ავაზაკებს... საბრალო ჩვენო თავო, საწყალო საქართველოვ!


* არწივის ხელით მოკლული ყვავი რა დასაგმობია?!


* არც კაი ბოლო იმათ აქვს, ვინც ერთურთს აუხირდება.


* ახ რა ცუდია, რა ცუდი, გზაარეულად მსჯელობა, ცეცხლმოდებულის ერისა თავისი თავის მტერობა!


* ბედი ხან ბატონსა წყალობს, ხან გაუღიმებს მონასა.


* ბედნიერი მაშინ ვარ, რომ ვიტანჯვი სხვისთვისა.


* ბევრად სჯობია სიკვდილი, მშობელი დედის წყენასა.


* არ მინდა თავს ლეშად ვგრძნობდე, უსულოდ გდებულს ტიალად.


* არც ის მგონია ბიჭობა, ვისაც ერევი ახრჩობდე, ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, რომ სხვას დამხრჩვალსა სწამლობდე.


* ადამიანი იმით ფასდება, აზრს ვინ ატარებს რამდენად ფრთიანსა.


* ავი დატანჯე და დაამონე, კეთილის მქნელსა შეასხი ფრთები


* ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი.  აზრი სწორი და შრომა მედგარი, ბედნიერების მოსაპოვებლად ერთი სახსარი მხოლოდ ეგ არი.  აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლია.


აზრი დარბაისელი, დიდად გამოცდილი, დინჯი მოხუცია; ყველაფერს სარგებლობის, სიმართლისა და ჭეშმარიტების თვალით უცქერის, საბოლოოდ რა გამოვა და რა არა. 


* აზრსაც იმის მიხედვით აქვს ბაზარი და გასავალი, რამდენადაც მტკიცე და შეუპოვარნი არიან მისი მტვირთველნი, რამდენიც მეტი წამებული ჰყავს. ყველა რჯულის აზრი, სოციალური თუ სარწმუნოებრივი, იმის მიხედვით იმარჯვებს, თუ რამდენად ნიადაგი აქვს განხორციელებისა და რამდენად თავგამოდებულნი მომხრენი ჰყვანან.


* ათი ათას სჯობს მტრედს, კაკაბს, მარტო არწივის თვალები.


* ათასი რამე მოხდება სიცოცხლით კაცის თავზედა.


* ათისა და ოცის კაცის ავაზაკობა ისე ვერ დააზიანებს ერის ცხოვრებას, როგორც სხვაგვარი ავაზაკობა ათასისა და ორი ათასისა, - პირველთ ადვილად ვიშორებთ თავიდან, ავაზაკებს ვეძახით, ვსდევნით, როგორც ცოფიან ძაღლებს, ვეტევებით თოფით და ხმლით, მოსაკლავად არა ვზოგავთ, ხოლო მეორე ჯულის ავაზაკებს ვძმობილობთ და ვემოყვრებით.  ან უსამშობლომ, კაცმა ბოგანომ, რა იცის, რაა სამშობლოს ტრფობა?!


* არ მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რით გავს ენა მდინარეს? იმითი, რომ რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნულად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს, მიმდინარეობას იმ ჟამით ჟამამდე დაუდგრომელად, მისი შეჩერება, დაგუბება ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს.


არა მოგცა რა ლამაზის სიტყვებით ამაყობამა.


არც თქვენ შეგრჩებათ ერთი დრო, ვინც ხმა-მაღლა ჰყივითა.  ახალთაობის წესიერად აღზრდისათვის საჭიროა დედაენაზე სწავლება, დრომდის მაინც აუცილებლად, სამშობლოს ისტორიის და ლიტერატურის შესწავლა.  ბავშვი მანამ მოლაშქრეობას შეძლებს, ჯერ ყბედობს და სახელიც მაშინ ერქმევა.  ბედნიერი ვარ ოღომც-კი ქვეყანამ მიცნოს კაცადა.


„არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა,


დავდივარ დედიშობილა,


მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,


ვინც სიღარიბით ცნობილა…


ჩემს გარდა ასეთს ყოფაში


მრავალი სხვაცა ყოფილა…


ხარს ვგევარ ნაიალაღარს,


რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;


ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!


მძინარიც ამას ვდუდუნებ,


საწყალთ საწყლობა რომ მესმის,


იმათ ვარამზე ვწუწუნებ;


არც როს უსაქმო არა ვარ,


მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.


ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,


ბეჩავთაც გავუზიარებ,


სიკეთისათვის სიკეთეს


არავის დავუგვიანებ,


ავის თქმით, ავის ქცევითა


გულს არვის დავუზიანებ“…


ვაჟა-ფშაველა.