ბიძაა თუ ვიღაც, ვინც არის ჩვეულებრივად მოისყიდეს - სააკაშვილი

  • alia.ge
  • 13 ივლისი 18:53

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძას მირიან ნიკოლაძეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მოსყიდულია.

მისი თქმით, ყველა არის ჩარეული იმაში, რომ ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე ჩაიფარცხოს.


„ჩვეულებრივად ხდება მტკიცებულებების განადგურება, ის ადგილი დაწვეს… ბიძაა თუ ვიღაც, ვინც არის იქ, ჩვეულებრივად მოისყიდეს, როგორც ჩანს. ჩვეულებრივად ჩარეულია ყველა, რომ ეს ჩაიფარცხოს, იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია იმ „კაწროსთან“, რომელიც ბერას ძალიან ახლობელია. ასევე, ეს ბანდა, რომელიც მათი ბანდაა. ასეთივე ბანდა ჰყავს ივანიშვილის ძმას, რომელსაც არჩევნებზე იყენებს, გაკრიმინალებული სპორტსმენების ბანდა და ციხიდან გამოშვებული პირები, რომელთა ამოცანაა ყველა დაატერორონ, დააშინონ და ა.შ. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება არ მივაქციოთ და მერე ნორმალური პროკურორი დაინიშნოს“,- განაცხადა სააკაშვილმა.


ცნობისთვის, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

სრული ვერსიის ნახვა alia.ge