პროკურატურამ გარდაბანში მომხდარი ჯგუფური ძალადობისა და ხულიგნობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა და პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

  • 13 ივლისი 16:02

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ქ.გარდაბანში მომხდარი ხულიგნობის და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს ქ.გარდაბანში, სოფელ ვახტანგისის მცხოვრებლებმა ა.ა.-მ, მ.ჯ.-მ და გ.ჯ.-მ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და სოფელ ნაზარლოს მკვიდრს ა.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


ასევე, 2020 წლის 4 ივლისს, აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეებმა, სხვა პირებთან ერთად, რკინის ხელკეტებითა და პლასტმასის ჯოხებით გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოს ცენტრში მდებარე ს.გ.-ს კუთვნილი კაფე დაარბიეს, ხოლო ს.გ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელეს.


აღნიშნული ქმედების საპასუხოდ, იმავე დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოს მცხოვრებლები: ს.ვ., ე.ი., ჯ.გ., კ.ს. და ა.ი., სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ სოფელ ვახტანგისის მკვიდრის მ.ჯ-ს კუთვნილ ავტომობილს, რომელიც დააზიანეს და შემდეგ ამოატრიალეს.


სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე 8 პირი 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.


პროკურატურამ მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და ხულიგნობა) წარუდგინა.


ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.