ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა

  • pia.ge
  • 13 ივლისი 13:26

ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალური ქსელით გაავრცელა.

 

თოფურიძის თქმით, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ასევე ცნობილია, რომ ის „ქართული ოცნების“ გუნდში რჩება.


„ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. მე ვრჩები „ქართული ოცნების” გუნდში, ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები, თქვენთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო. აღნიშნული გადაწყვეტილება მე რამდენიმე თვით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ, გუბერნატორისა და გუნდის თხოვნით, ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი, რადგან ამას კორონავირუსის პანდემის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინებული მუშაობით.


დამეთანხმებით, საკრებულოსთან ნაყოფიერი მუშაობით შევძელით მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ბევრი საქმის გაკეთება, რაც ასევე გაგრძელდება და, თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება.


მე დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მივმართავ ხარაგაულის საკრებულოს, ჩემს მოვალეობას კი ჩემი მოადგილე – თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს.


მადლობას გიხდით ნდობისა და საერთო საქმისთვის საჭირო თანადგომისთვის. გჯეროდეთ, ხარაგაულსა და ხარაგაულელებზე ჩემი ფიქრი აქ და ამით არ მთავრდება”, – ამბობს თოფურიძე.


ნიკოლოზ თოფურიძე ხარაგაულის მერის თანადებობას 2017 წლის 22 ოქტომბრიდან იკავებდა. თოფურიძემ არჩევნებში 7 948 ხმა მიიღო.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge