ძალიან საპატივცემულო ადამიანია მამაჩემი, თენგიზ კიტოვანი და სიგუაც - ნათია კიტოვანი

  • alia.ge
  • 13 ივლისი 11:04

„ალია“ ესაუბრება, საქართველოს ყოფილი თვადაცვის მინისტრის, თენგიზ კიტოვანის ქალიშვილს, მხატვარ ნათია კიტოვანს, რომელმაც აღნიშნა, რომ მამამისი თენგიზ კიტოვანი საპატივცემულო ადამიანია.

 

მისი თქმით, 9 ივნისს როდესაც მამამის დაბადების დღე მიულოცა, ამ ფაქტმა მოსახლეობა გააღიზიანა. 


ნათია კიტოვანი „ალიასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მამამისზე გიჟდება და სწორედ ამიტომ მიულოცა იუბილე. მოსახლეობა კი თენგიზ კიტოვანის სიყვარულმა გააღიზიანა და ძველი დრო გაახსენა. მისი თქმით, უარყოფით კომენტარებს ძირითადად „ზვიადისტები“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეები უწერდნენ.


„მამაჩემი მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო, თენგიზ სიგუასთან ერთად გადაუდგა ზვიადს… ძალიან სერიოზული თემა იყო, სერიოზული ბრალდება იყო მაშინ გამსახურდიაზე.


რუსეთში მოხდა გადატრიალება, ელცინი იყო დასავლეთის კაცი, რომელმაც დაიწყო საბჭოთა კავშირის დემონტაჟი.


საბჭოთა კავშირის აღდგენის მომხრე დაჯგუფება იყო იაზოვის თამადობით, რომელსაც სურდა გადატრიალება. მაშინ იყო, ზვიადმა დაიბარა თენგიზი და უთხრა, რომ უნდა დაიშალოს ქართული ჯარი.


მამაჩემმა უარი უთხრა და გადაუდგა მაგის გამო.


იაზოვმა გამოაცხადა კიდეც, გამსახურდია ჩვენ მხარეს არისო, ჩამოთვალა რესპუბლიკები, ვინც მისცა ხმა საბჭოთა კავშირის აღდგენას და ჩვენდა სამარცხვინოდ ზვიად გამსახურდია მათ რიგში იყო.


გადავრჩით, ედუარდმა და ელცინმა დაამარცხა იაზოვი და მთელი დაჯგუფება.  იმას რომ მოეგო რუსეთში, მამაჩემს თავის გვარდიასთან ერთად დამარხავდნენ აუცილებლად, რუსის ჯარს შემოიყვანდნენ და ასე დამთავრდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა.


ძალიან  საპატივცემულო ადამიანია მამაჩემი, სიგუაც…


მთელი ეს დემოკრატიული ძალები, ჭაბუა ამირეჯიბი და რეზო ჩხეიძე იყვნენ მოღალატეები, თურმე და ყველაზე საამაყო ქართველებზე იყო გალაშქრება, პატრიარქის თამადობით, თუმცა, მაშინაც ფეტიშმა გადაძლია საზოგადოების ნაწილს.


ამ საზოგადოებაში იქნება ამოტივტივდეს გონიერი და მადლიანი ადამიანი, რომელსაც ღმერთიც მიეხმარება, რომ საზოგადოება გააერთიანოს.“ - განაცხადა ნათია კიტოვანმა.


ცნობისთვის, თენგიზ კიტოვანი ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო პირია. 


მონაწილეობა მიიღო პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილ გადატრიალებაში თბილისში 1991-1992 წლებში და შემდეგ ქვეყანაში დაწყებულ სამოქალაქო ომში. ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის ომში.


1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1999 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და პატიმრობიდან დაიხსნა. 

სრული ვერსიის ნახვა alia.ge