შენი მოსწავლეების ცოდვები უნდა აიკიდო და გოლგოთას გზას დაადგე - მასწავლებელი გიორგი შაქარაშვილზე

  • 13 ივლისი 00:50

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ოთო დანელია სრულიად საქართველოს წინაშე გამოდის თხოვნით და 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

„ეს დღეებია აკაკი წერეთლის „გამზრდელი” მოსვენებას არ მაძლევს. მასწავლებლობა ტვირთია.
სასჯელიც არის, როცა შენი გაზრდილი ის არ არის, ვინც უნდა იყოს.


ღმერთო, როგორ უნდა გაუძლოს გულმა, როცა შენი საკლასო ოთახიდან აფრენილმა მერცხალმა სახე იცვალა და ორბი გახდა.


კაცი მოკლა.


მდინარეში გადააგდო.


მშვიდად დაბრუნდა.


დაიძინა.


გაიღვიძა და…


მასწავლებელმა როგორღა დაიძინოს?!


რა ქნას?


ძნელია მასწავლებლობა.


შენი მოსწავლეების ცოდვები უნდა აიკიდო და გოლგოთას გზას დაადგე…


„გამზრდელი“ სიბრძნეა და ჩვენ ვასწავლით ამ სიბრძნეს… უბრალოდ, ეშმაკიც იქვეა, საცთურით ხელში და…


სულ ვამბობ, გემუდარებით, ღმერთი შეუშვით საკლასო ოთახებში და მერე შედით თქვენ… იქ, სადაც უფალია, მკვლელები არ იზრდებიან… კაცად გაზრდაა მთავარი!


რაღაც უნდა შეიცვალოს, ვიღაცამ ფრთები დააჭრა მასწავლებელს და ზუსტად ესაა უბედურების სათავე!
მასწავლებლები მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობ!


ხო, მართლა, ბავშვებს მხოლოდ უფლებები არა, ვალდებულებებიც დავაზეპირებინოთ!


გიორგი, გვაპატიე!.“


19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.