შაქარაშვილის საქმეში კიდევ ერთი პირი ჩნდება – ნიკა გვარამია ახალ დეტალებზე საუბრობს

  • 13 ივლისი 00:09

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ახალ დეტალებზე პირდაპირ ეთერში საუბრობს. მისი თქმით, საქმეში ახალი პირი ჩნდება, რომელიც რეკავს ავთანდილ ბილანიშვილთან, რომელიც შემდეგ ბერა ივანიშვილთან ახორციელებს ზარს. ამის შესახებ გვარამიამ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა.

„კლავენ შაქარაშვილს, არაერთგზის დაზიანებებით. შემდეგ ეს ადამიანები სთხოვენ დახმარებას დაჩი ბუაძეს – აქ ახალი სახელი და გვარი ჩნდება, რომელიც არის ნახალოვკელი „კაწროს“ მეგობარ-ხელქვეით-ავტორიტეტი. ორი რაგბისტი, – ნიკა ჟვანია და არჩილ გაგნიძე, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ისინი არიან დაჩი ბუაძის მეგობრები, შესაბამისად „კაწროს“ მეგობრები.


ბუაძე ურეკავს „კაწროს“ და ეუბნება, რომ ცუდი ამბავი დაემართა. ამის მერე „კაწრო“ ახორციელებს ზარს ბერა ივანიშვილთან და ეუბნება, რომ ცუდი რაღაც დაემართათ. რეკავს თუ არა ბერა ივანიშვილი პოლიციაში, ამას ვერ დავადასტურებთ, მაგრამ ფაქტია, რომ საქმეში ერთვებიან მაღალჩინოსნები, კერძოდ კუპატაძე, რომელიც ურეკავს მცხეთის პატრულის უფროსს ვასო პეტრიაშვილს და ეუბნება, რომ პატრულის გამოძახება მაქსიმალურად გაიწელოს, რადგან იქ არის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში.


19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.