ერთი უბნიდან წამოვიდნენ და ერთად მოქმედებდნენ - მირიან ნიკოლაძე

  • rustavi2.ge
  • 12 ივლისი 19:04

„კურიერმა“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი გარემოებები გაარკვია, სატელეფონო ანძების ჩანაწერების გაშიფვრის შემდეგ იკვეთება, რომ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები „მერსედესში“ მსხდომ პირებს უკავშირდებოდნენ.

გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძის მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის იმ შესაძლო ვერსიაზეც, რომ „ტოიოტას“ მგზავრების დასახმარებლად "მერსედესის" მგზავრები ხიდის ქვეშ მივიდნენ.


„გამოძიებას, როდესაც უნდა დაადგინოს, რა გარემოებაში, რა ვითარებაში, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, სჭირდება კომპლექსური მიდგომა. თუნდაც სხვადასხვა დარგის ექსპერტის.


თუ გამოვლინდა „მერსედესის“ მარკის ავტომობილის კავშირი, იმ ექვსეულსაც მივაყოლებთ. არავინ არავის არ დაინდობს თუკი ეს გამოვლინდა.


ერთი უბნიდან წამოვიდნენ და ერთად მოქმედებდნენ, ამიტომ ზუსტად ის მუხლი აქვთ წარდგენილი, რაც უნდა ჰქონდეთ,“- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.


19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.


 

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge