ახალი მტკიცებულებები გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

  • rustavi2.ge
  • 12 ივლისი 16:13

მოპოვებულ მტკიცებულებებში, რომელიც „კურიერმა“ მოპოვა ჩანს, რომ „მერსედესისა“ და „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებს შორის სატელეფონო საუბარი ღამის პირველის 47 წუთზე შედგა. ეს არის პერიოდი, როცა „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებმა გურამ ამირხანაშვილი იპოვეს, „მერსედესში" მსხდომებმა კი ორი მგზავრი მცხეთის აგარაკზე მიიყვანა და ტერიტორია დატოვა.

ამ პერიოდში მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვახტანგ ჩიქოვანი ჯერ ნიკა ჟვანიას, შემდეგ კი ერთ-ერთ არასრულწლოვანს ურეკავს, საუბარი ერთ წუთზე მეტხანს გრძელდება, თუმცა უცნობია დეტალები, რას ეხებოდა მათი კავშირი და რაზე ისაუბრეს.


სწორედ ამ პერიოდში გურამ ამირხანაშვილი დაუკავშირდა ვინმე საბა ჩხარტიშვილს, თუმცა უცნობია მათი კომუნიკაციის დეტალებიც.


მორაგბეების ადვოკატის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, დაუკავშირდნენ თუ არა „ტოიოტა ქამრისა“ და „მერსედესის“ მძღოლები იმავე ღამეს ერთმანეთს.


არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე კი აცხადებს, რომ პროკურატურას, „ტოიოტა ქამრში" მსხდომ ადამიანებზე ჯოხის გადატეხა არ გამოუვა. 


„არანაირი გარემოებები არ არსებობს, რომ რამე ნაწილში, რაშიც მათ ბრალი აქვთ წარდგენილი დადასტურდეს და მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. როგორც არ უნდა მოინდომოს პროკურატურამ ჯოხი გადატეხოს "ტოიოტა ქამრში" მსხდომ ადამიანებზე, ეს ვერ გამოუვა,"- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.


თემურ ბარბაქაძის უფლებადამცველი კი აცხადებს, რომ „ტოიოტა ქემრში“ მყოფ პირებთან მისი დაცვის ქვეშ მყოფს კომუნიკაცია არ ჰქონია.


„თემურ ბარბაქაძეს სატელეფონო საუბარი არ ჰქონია „ტოიოტაში“ განთავსებულ პირებთან და ეს დასტურდება. ოთხის ნახევარზე ურეკავს შერმადინს, რომელიც „მერსედესში“ იყო, თუმცა რაზე ჰქონდათ კომუნიკაცია არ ვიცი, სავარაუდოდ უბრალოდ მოიკითხა ჩავიდა თუ არა ადგილზე, რადგან მეგობრები არიან,“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.


გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით კი, გამოძიება ყველანაირ ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის იმასაც განიხილავს, რომ "მერსედესის" მარკის ავტომობილი ხიდის ქვეშ ყოფილიყო.


19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.


 

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge