გიორგი შაქარაშვილის ბიძა მარიამ ჯაშის პარტიაში გაწევრიანდა

  • formulanews.ge
  • 12 ივლისი 14:58

გიორგი შაქარაშვილის ნათესავი, მირიან ნიკოლაძე პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრია. ამის შესახებ მან პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

როგორც ნიკოლაძემ აღნიშნა, პარტიის შეხედულებებთან სრული თანხვედრა აქვს და მათთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.


„პოლიტიკური პარტიის თანადამფუძნებელი ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ვგულისხმობ საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრს. ჩვენ ვართ დიდი ხნის მეგობრები. ამავდროულად, მე ვარ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი. ეს ყველაფერი იყო ჯერ კიდევ ამ ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე და ბუნებრივია გრძელდება მიუხედავად ჩემი ოჯახური პრობლემებისა, რომელიც უკავშირდება გიორგის გარდაცვალებას. მე ყოველთვის აქტიური ვიყავი, როგორც მოქალაქე. ძალიან ხშირად მიწევდა პოლიტიკურ თემებში მონაწილეობა და ეს გაგრძელდება. რაც შეეხება პარტიის პროგრამას და შეხედულებას, მე მთლიანად ვუერთდები გარდა ჩემი მეგობრული დამოკიდებულებისა, ასევე ჩემი შინაგანი განწყობით, მსოფლმხედველობით, ღირებულებებით. სრული თანხვედრა მაქვს ამ პარტიასთან და, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ამ კუთხით საქმიანობასაც“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.


რაც შეეხება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ პროცესში მას შემდეგ ჩაერთვება, რაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირები შესაბამისად დაისჯებიან. 


გარდა ამისა, ნიკოლაძემ ყველას მოუწოდა, მის პოლიტიკურ აქტივობასა და შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ერთამენთს ნუ დაუკავშირებენ.


„როდესაც გიორგი მკვლელებს დავაბინავებ როგორც საჭიროა, მერე ჩავერთვები აქტიურად. პოლიტიზირება ამ თემის რომ არ მომხდარიყო, ამაზე ვიკლავ თავს ამდენი ხანია. ყველასთან თხოვნა მაქვს, ეს ორი თემა არ მიაბათ ერთმანეთს. მეგობრებმა მთხოვეს, ვგულისხმობ პარლამენტარებს, ამ პარტიის დამფუძნებლებს. ათასჯერ გამომიცხადეს თანადგომა და მითხრეს, რომ თუ უკმაყოფილო ვიქნებოდი ძიების შედეგებთან მიმართებით, მეორე დღესვე ჩაერთვებოდნენ, მაგრამ მე ამაზე განვაცხადე უარი. თუ გამიჭირდება, უდიდესი თანადგომა მაქვს ამ ადამიანების“, - განაცხადა ნიკოლაძემ. 


მირიან ნიკოლაძემ „მთავარი არხიც“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მედიასაშუალება მშვიდად უნდა იყოს, რადგან ის „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში არ იქნება.


პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა მარიამ ჯაშმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა შექმნეს, თბილისში დღეს ცენტრალური ოფისი გახსნა.

სრული ვერსიის ნახვა formulanews.ge