მახსოვს ახსენა „შაქარა“ - რას ჰყვება ტაქსის მძღოლი ჩვენებაში, რომელმაც ამირხანაშვილი წაიყვანა

  • rustavi2.ge
  • 12 ივლისი 13:18

გიორგი შაქარაშვილის საქმის კიდევ ერთი მოწმე ტაქსის მძღოლია, რომელმაც 18 ივნისის ღამეს, გურამ ამირხანაშვილი დიდუბიდან წაიყვანა და სახლში დატოვა.

ჩვენებაში რომელიც კურიერმა მოიპოვა წერია, რომ ამირხანაშვილი ტაქსის მძღოლის ტელეფონიდან რეკავდა, ვისთან რეკავდა ამირხანაშვილი უცნობია, თუმცა მძღოლი ჩვენებაში აღწერს, რომ ამირხანაშვილი ტელეფონზე ვიღაცას დაპირისპირების შესახებ უყვებოდა.


როგორც ტაქსის მძღოლი ჩვენებაში ჰყვება, ამირხანაშვილი ვაზისუბანში ახალ აშენებულ კორპუსში დატოვა, თუმცა გურამ ამირხანაშვილი ამ სახლში არ ცხოვრობს. 


„შევნიშნე 2 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, 20 წლამდე ბიჭმა დამიქნია ხელი. მან ჩემი მობილური ტელეფონით განახორციელა ზარი, ჩემი ვარაუდით დაურეკა მისივე ტოლ ახალგაზრდა ბიჭს. როგორც მისი საუბრიდან გამოვიტანე აზრი, იგი უნდა ყოფილიყო რაიმე წვეულებაზე ან დაბადების დღეზე, საიდან გამოსვლისასაც მას და მასთან ერთად მყოფ პირებს მოუხდათ ჩხუბი სხვა პიროვნებებთან, რა დროსაც ჩემმა მგზავრმა გაქცევით უშველა თავს და დაიმალა.


იგი საუბრისას ასევე ახსენებდა, რომ მასთან ერთად მყოფი თეთრმაისურიანი ბიჭი უნდა ყოფილიყო ძლიერ ნაცემი და ესაჭიროებოდა დახმარება, ხოლო მას მხოლოდ ერთხელ დაარტყეს ხელი. მან მგზავრობისას სავარაუდოდ დარეკა ორ ან სამ ნომერზე. მან მითხრა, რომ მას გააჩნდა მხოლოდ მცირედი ნაკაწრები ბუჩქნარში დამალვიდან გამომდინარე.


დავტოვე ვაზისუბნის დასახლებაში, მანქანა გავაჩერე ერთ-ერთ ახალ აშენებულ კორპუსთან, გადამიხადა მგზავრობის საფასური და წავიდა პირდაპირ სადარბაზოსკენ. საუბრისას მან, როგორც მახსოვს ახსენა „შაქარა“, თუმცა რატომ და რა კონტექსტში ამას ვერ ვიხსენებ,"- ნათქვამია ტაქსის მძღოლის ჩვენებაში.


19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge