განიხილება თუ არა დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა: რას ამბობს შაქარაშვილის ბიძა

  • 12 ივლისი 10:47

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დანაშაულის მოტივზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

 

„ტვპირველის“ ეთერში შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ერთ-ერთ ვერსიად ეჭვიანობის, პირადი ურთიერთობების ნიადაგზე ჩხუბი, მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ „ეს ვერსია ივარაუდება“.


„თუმცა არის რამდენიმე ვერსია, რომელიც ჯერ არ გაჟღერებულა და ამას მე ვერ გავაჟღერებ იმიტომ, რომ შესაძლებელია, რომ ის ვერსიები უფრო რეალური აღმოჩნდეს“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.


თუმცა, როგორც მირიან ნიკოლაძე ამბობს,  მოტივზე საუბარი არაპირდაპირ შეიძლება ხელის შემშლელი აღმოჩნდეს გამოძიებისთვის.


19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.