გიორგი შაქარაშვილს მეგობრები იხსენებენ - „სულ ღიმილით შემოდიოდა, ვერ ეჩხუბებოდი“

  • 11 ივლისი 22:01

ტრაგიკულად დაღუპულ 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს მეგობრები იხსენებენ. ისინი „ტვ პირველის“ ეთერში მეგობარს, მზრუნველ, მოწესრიგებულ, მოსიყვერულე და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანად ახასიათებენ.

„მინაწერებს რომ ვკითხულობ, იგრძნობა რომ ძალიან მზრუნველი იყო - სად ხარ? მიხვედი? თვალებით გეძებდით? - ყოველთვის ასე გამოხატავდა ყურადღებას“

„ძალიან მოწესრიგებული იყო, ტყეში ექსკურსიაზე წავედით და თეთრი კედები ეცვა, არაფრით არ იწუწავა, არ უნდოდა, რომ დასვროდა ფეხსაცმელები“

„სულ ღიმილიანი იყო, რომ გდომოდა ვერ ეჩხუბებოდი. სულ იღიმოდა“

„სასაფლაოზე უცნობი ადამიანები გვხვდებიან, მოაქვთ სანთლები, ბურთიც დაგვხდა ერთხელ“.

„როცა ვინმე ძალიან მოსწონდ,ა მასზე ლაპარაკს იწყებდა ასე - აუ ეს მაგარი გიჟია“


„ვეღარც ვტირი უკვე. მგონია, რომ დღეს გამოვა კიდევ და ვნახავ“


„ლურჯი თვალები ჰქონდა, ანათებდა“


„თმები ჰქონდა ხოლმე სულ გასწორებული, მაგრამ სავარცხელი მაინც უნდა ჰქონოდა ჯიბეში და თმის ჟელეც“


„გვითხრა ერთხელ, წარმატებას რომ მივაღწევ და ფულს ვიშოვიო, მდიდარი არ მინდა ვიყოო, იმიტომ, რომ სხვას არ აქვსო“.



19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.