ხეჩიკაშვილი შაქარაშვილზე: შვლის ნუკრივით იყო - როცა აგრესიული ფონია, ადამიანებს სიკეთეს სისუსტეში უთვლიან

  • fortuna.ge
  • 11 ივლისი 18:53

ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვiლი გუნდ „საბურთალოს” ფეხბურთელი იყო. მას „საბურთალოს” პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი ემოციურად იხსენებს. 

„ამ ადამიანს ჰქონდა უნიკალური თვისება – შემოეკრიბა თავის გარშემო ადამიანები. ბევრჯერ მითქვამს: ასე კაცი თავის გვარს ამართლებდეს, პირველად ვნახე-მეთქი. აი, მოედანზეც ასეთი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მცველი იყო, მისი უხეში თამაში არ მახსოვს. ისეთი ლამაზი, სასიამოვნო, აი, შვლის ნუკრივით იყო. მოედანზე მეტოქის პატივისცემით გამოდიოდა. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ როცა აგრესიული ფონია, ასეთ ადამიანებს სიკეთეს სისუსტეში უთვლიან. გიორგი ძალიან კარგად აღზრდილი შვილია. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მის ღირსეულ მშობლებსა და  სანათესაოს. ვერ წარმოიდგენთ რა სულგრძელობა გამოიჩინეს, ასეთ მძიმე დროს არავისზე ცუდი არ წამოცდენიათ…”


19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.


 

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge