თორნიკე შენგელია საზოგადოების კრიტიკას პასუხობს

  • 11 ივლისი 14:16

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის კრიტიკას პასუხობს.

შენგელია ამბობს, რომ ის ყოველთვის იყო ქართული სულის მატარებელი და სიცოცხლის ბოლომდე ასე დარჩება. ამასთან სპორტსმენი აღნიშნავს, რომ ამ განსაცდელს უფლის წყალობით მშვიდად გაივლის.


შენგელიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


„დასაწყისშივე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ამ განცხადებას არ ვაკეთებ იმისთვის, რომ ვინმესთან თავი ვიმართლო.


რთულია ავუხსნა იმ ადამიანს რაიმე, როცა არაფრის მოსმენა არ სურს და მისი დაფიქსირებული აზრის შეცვლას არც კი განიხილავს.


ვერ ავუხსნი ამ ადამიანს, თუ რა შეგრძნება მეუფლებოდა, როცა 10-11 წლის ვიყავი და საქართველოს ნაკრების თამაშზე აჟღერებული ჰიმნის დროს ტრიბუნებიდან თვალებდახუჭული ფეხზე ვიდექი და ჩემი თავი მოედანზე მოთამაშეებს შორის წარმომედგინა.


ვერ ავუხსნი ამ ადამიანს, თუ რას ნიშნავს ჩემთვის, საქართველოს ნაკრების თამაშის ტელევიზორიდან ყურება და რა საშინელი შეგრძნებაა, როცა შენი კარიერის პიკში ყოფნის დროს შენს ნაკრებს და ქვეყანას ვერ ეხმარები იმიტომ, რომ ეს მესამე და მეოთხე მხარემ გადაწყვიტა.


ვერც იმას ავუხსნი, რამხელა სიხარული და ბედნიერება განვიცადე სულ რამოდენიმე დღის წინ, როცა ესპანეთის ჩემპიონი გავხდი და მომეცა შესაძლებლობა, ქართული დროშა ამეფრიალებინა!


ვერც იმას მიხვდება, რომ ევროპის ერთ ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლით მეტი მოგების შესაძლებლობები მომეცემა, რაც მეტი ჩვენი დროშის ფრიალს ნიშნავს.


ვერც იმას გაიგებს, თუ რამხელა ბედნიერებაა როდესაც ევროპის ერთ ერთი საუკეთესო გუნდი პატივს სცემს ჩემს პატრიოტიზმს და შესაძლებლობას მაძლევს, ნაკრების ყველა თამაშზე ჩამოვიდე ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად გამარჯვებისაკენ.


და ვერც იმას ამიხსნით მე, თუ რამხელა ტკივილია, როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩვენს გმირებს კარგავს, იმიტომ რომ მე ამის ახსნა არ მჭირდება, ეს მე კარგად ვიცი და ისიც ვიცი, რომ თქვენც კარგად იცით, რომ მე ეს ვიცი.


კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას და ამას ვერ შეცვლის ვერც ერთის გაკეთებული კომენტარი თუ განცხადება!


ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხისმგებელი და მან კი ნამდვილად იცის, თუ ვინ ვარ მე,“- წერს თორნიკე შენგელია.


 


ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ესპანური გუნდ „ბასკონიადან“ რუსეთის კლუბ „ცსკა“-ში გადავიდა. სპორტსმენის, ამ გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა.


ადამიანების ნაწილი მას ოკუპანტი ქვეყნის გუნდში გადასვლის გამო აკრიტიკებს, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და გადაწყვეტილების გამო შენგელია არ უნდა გაკიცხონ.