გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შაქარაშვილის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს

  • 11 ივლისი 12:27

ფეხბურთელებმა გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ის ხელმძღვანელობის მიერ მიცემული უფლებით ისარგებლეს და მაისურებზე ნომრების ქვემოთ ზურგზე გუნდ „საბურთალოს“ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი და გვარი დაიწერეს.

ფეხბურთელი გურამ კაშია სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს წარწერით:


„ასეთ რთულ დროს, სოლიდარობა და მხარდაჭერა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, ამ ფორმით, თანადგომას ვუცხადებ 19 წლის ფეხბურთელის ყველა ახლობელ ადამიანს" - წერს გურამ კაშია. 





19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.