არველაძე: არ მიმაჩნია სწორად ერთი ადამიანის ამოჩემება - საქართველოს ნაკრების სპონსორია VTB ბანკი...

  • 11 ივლისი 11:29

ფეხბურთელი შოთა არველაძე ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიას, რუსულ საკალათბურთო კლუბ „ცსკა“ - ში გადასვლით საზოგადოებაში გამოწვეულ რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

არველაძე მიიჩნევს, რომ როდესაც რუსეთთან მიმართებაში, საზოგადოებას საერთო სამოქმედო გეგმა არ გააჩნია, ერთი დამიანის გაკრიტიკება მისი რუსეთთთან რაიმე ფორმით თანამშრომლობის გამო ძალიან უხერხულია.


„ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში, უკვე მეორე დღეა თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე. საქართველოს ნაკრების სპონსორია VTB ბანკი და საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს, ყოფილიყო ნაკრების სპონსორი და მთავარი პარტნიორი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა. არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია. მინდა თორნიკეს ყველა იმ მიზნის მიღწევა ვუსურვო, რომელიც დასახული აქვს“.



ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ესპანური გუნდ „ბასკონიადან“ რუსეთის კლუბ „ცსკა“-ში გადავიდა. სპორტსმენის, ამ გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა.


ადამიანების ნაწილი მას ოკუპანტი ქვეყნის გუნდში გადასვლის გამო აკრიტიკებს, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და გადაწყვეტილების გამო შენგელია არ უნდა გაკიცხონ.