მაგიდაზე ასვენია სწორი აგებულების, მამრობითი სქესის გვამი - მოდი და დაივიწყე ეს წინადადება - მიშა ფეიქრიშვილი

  • 10 ივლისი 19:06

პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი, მიშა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში გარადცავლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის შესახებ ექსპერტიზის დასკვნას ეხმიანება და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

 

„დაიჯესტი“ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


„ჩვენი სისასტიკე და დაუნდობლობა, ჩვენი დუმილი და კონფორმიზმი, ჩვენი შვილების აღზრდის მეთოდები და „ნაჭუჭში“ გამოკეტვა...


ვიღაცისთვის ეს საქმე გაკვეთილია, ვიღაცისთვის დიდი ტრაგედია, არავისთვის ჩვეულებრივი ამბავი.


ფიქრებით დავბორიალობთ იმ ღამეში, მშობლების სახლში, დაკავებულების საკნებში - თითქოს ყველასთან რაღაც გვაქვს სათქმელი.


მაგრამ ვისაც აქვს სათქმელი დუმს. (?!)


თითქოს ისე მივეჩვიეთ ტრაგედიებს, რომ იშვიათად ხდება ამბავი, რომელიც ასე ერთსულოვნად შეგვძრავს.


„მაგიდაზე ასვენია სწორი აგებულების, მამრობითი სქესის გვამი. სიგრძით 169 სმ; წონით 73 კგ“. - მოდი და დაივიწყე ეს წინადადება.


იქნებ მეტი სიკეთე ვაკეთოთ, იქნებ სხვანაირად აღვზარდოთ შვილები, იქნებ არასოდეს ვიყოთ აგრესიულები, იქნებ აღარასოდეს მივატოვოთ ერთმანეთი. სიბნელეში“- წერს მიშა ფეიქრიშვილი.



ცნობისთვის, დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.