თბილისის ზოოპარკს ჟირაფები ეყოლება

  • 23 ნოემბერი 00:41

თბილისის ახალ ზოოპარკში აფრიკის სავანაზე მუშაობენ. აფრიკის ექსპოზიცია დაახლოებით ათ ჰექტარს დაიკავებს. ამ სივრცეში ჰიპოპოტამი, მარტორქა, ზებრები, სხვადასხვა სახეობის ანტილოპები და ყველასთვის სანატრელი ჟირაფები დაიდებენ ბინას. 

"კარგი ამბავი გვაქვს!


ახალ ზოოპარკს რომ ვაშენებთ, კი იცით ისედაც.


ჰოდა, ორიოდ დღის წინ ზოოპარკების ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი ერიკ ფონ ფლიტი გვესტუმრა, რომელიც ახალი ზოოპარკის დაგეგმვაში გვეხმარება.


უკვე მოინახულა ახალი ტერიტორია და გადარეულია ნამეტნავად. არ ვაჭარბებთ. შესანიშნავი ადგილიაო. თავისი ლანდშაფტით, ხედებით, სივრცით და ახლა ზუსტად იმაზე ვფიქრობ, როგორ ავითვისოთ ეს ფართობი ისე, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ზოოპარკი გქონდეთო.


რით იქნება ახალი ზოოპარკი ძველისგან განსხვავებული? ჩვენმა სტუმარმა საინტერესო პასუხი გაგვცა: ძველი ყაიდის ზოოპარკებში ხალხს ცხოველებისადმი ნაკლები პატივისცემა ჰქონდა. გახედავდნენ გისოსებში გამოკეტილ მაიმუნს და ერთმანეთს ეღლიცინებოდნენ, ნახე, შენი ნათესავიაო. ახალი კონცეფციის ზოოპარკებში, სადაც ცხოველებს აქვთ დიდი სივრცე, არ არსებობს ხელისშემშლელი ბარიერები და ცხოველები ბუნებრივთან მიახლოებულ გარემოში ბინადრობენ, ადამიანებს მეტი მოწიწება უჩნდებათ მათ მიმართ და დროს არა ლაზღანდარობაში, არამედ ცხოველის ძებნაში, დაკვირვებასა და თვალიერებაში ხარჯავენ.


ზუსტად ამგვარ ვოლიერებს გვიგეგმავს ახლა. ამჟამად აფრიკის სავანაზე მუშაობს. ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე აფრიკის ექსპოზიცია დაახლოებით ათ ჰექტარს დაიკავებს. ათს! ძველი ზოოპარკი არის ხუთი ჰექტარი. კინკილა ხუთი! ახალი ზოოს ერთი ვოლიერი ძველ ზოოზე ორჯერ დიდი იქნება! წარმოგიდგენიათ?! და ამ სივრცეში ჰიპოპოტამი, მარტორქა, ზებრები, სხვადასხვა სახეობის ანტილოპები და ყველასთვის სანატრელი ჟირაფები დაიდებენ ბინას.


ალბათ წარმოიდგინეთ ახლა ეს ყველაფერი და აენთეთ წინასწარ. ჰო. ჩვენც ეგრე ვცქმუტავთ და თან ვდარდობთ, რომ ისეთი მდიდრები არ ვართ, როგორებიც გვინდა, ვიყოთ და ახალ ზოოპარკსაც ისე სწრაფად ვერ ვაშენებთ, როგორც გვინდა, ვაშენებდეთ.


კარგი. დავუბრუნდეთ ისევ დიზაინერს.


ერიკ ფონ ფლიტის მომსახურებით ჰოლანდიის, იტალიის, ბელგიის, უნგრეთის, ისრაელის და სხვა ქვეყნების საუკეთესო ზოოპარკები სარგებლობენ. ჩვენ უკვე მეორედ გვესტუმრა. პირველად წყალდიდობის შემდეგ ჩამოვიდა და ჰამადრილების, მაკაკების, ვალაბების, ლამებისა და ტაპირის ვოლიერები დაგვიგეგმა. ზემოთ ხსენებული ცხოველები კარგა ხანია შევასახლეთ ახალ ბინებში და ცხოვრობენ ახლა, კოხტად და ლამაზად.


და რომ გვინდა, სხვებიც ასევე კოხტად და ლამაზად დავაბინაოთ, მიტომ ვიდგამთ წელებზე ფეხებს.


რამდენიმე დღე ბ-ნი ერიკიც დაიდგამს ჩვენთან ერთად. წელებზე. ფეხებს", - წერია თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.