ივანე მაჭავარიანი: რეგიონებში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები შეამცირებს შიდა ტურიზმს და უფრო ფრთხილი იქნება ეკონომიკური აქტივობები

  • 6 ივლისი 21:48

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, თუ ქვეყანაში COVID19-ის შიდა გავრცელება დაიწყება, ეს ადგილობრივ ტურისტზეც იმოქმედებს და ეკონომიკური აქტივობები უფრო ფრთხილი და შეკავებული გახდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ათასი ტურისტიდან 1% რომ კოვიდინფექციის მატარებელი იყოს, ჩენ ყველა ვარიანტში გვექნება ვირუსის შიდა გავრცელება. თუმცა შეიძლება ეს არის იყოს დიდი და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არ იყოს კატასტროფა, ჩვენმა ჯანდაცვამ გაუძლოს და სიკვდილიანობაც დაბალი იყოს.


მაგრამ ის, რომ თითო-ოროლა შემთხვევა, იქნება ეს აჭარაში, კახეთში, თუ გავრცელდება, მერწმუნეთ, შიდა ტურიზმის სენტიმენტებსაც ისევე დააქვეითებს, როგორც ეს მსოფლიოშია დაქვეითებული. ეს ნიშნავს სინამდვილეში რას, ჩვეულებრივი მეწარმისთვის, ვისაც აქვს კაფე, რესტორანი, პატარა სასტუმრო რეგიონში, ეს ნიშნავს მათთვის დღეს რა შემოსავალიც აქვთ, შესაძლოა იმაზე ნაკლები მიიღონ.


სამწუხაროდ, ერთეული შემთხვევები, რომლებიც რეგიონში მოხდება, დააგდებს და შეამცირებს შიდა ტურიზმის, მოგზაურთა სენტიმენტებს. უფრო შეკავებული და ფრთხილი იქნება ეკონომიკური აქტივობები. ეს უცილობლად ასეა და გარე ტურიზმი ვერ გადაგვიწონის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.