რა პირობებში დაწერენ გამოცდას აბიტურიენტები (ფოტოები)

  • 5 ივლისი 21:02

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდები 6 ივლისს გაიმართება. პანდემიის გამო წელს აბიტურიენტებსაც და გულშემატკივრებსაც გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ.

მაგალითად:


1. გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე;


2. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით.


„აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ პირადობის მოწმობით და საგამოცდო ბარათით უნდა მობრძანდნენ და კარგად უნდა დააკვირდნენ რომელ ცენტრში, რომელ საათზე და რომელ დღეს უნდა გამოცხადდნენ. ასევე, მათ შეუძლიათ მოიტანონ წყალი პლასტმასის ბოთლით, უფლება აქვთ შემოიტანონ ხურდა ფული და გარდა ამისა, შეუძლიათ მოიტანონ გელიანი კალამი, რომელიც უნდა იყოს შავი ფერის 0,5 -0,7 მმ ბურთულიანი თავით. ყველა სხვა დანარჩენი ნივთი არ არის დაშვებული. თუ მათ აუცილებლად სჭირდებათ, რომ სხვა ნივთიც მოიტანონ, მაშინ ამ ნივთის ჩაბარება მოუწევთ, მაგრამ რეკომენდაცია არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნივთები მოიტანონ. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის პოლიციის მიერ მოხდება მათი შემოწმება, თავადაც უნდა გაფრთხილდნენ, რათა არ შეყვეთ ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობა, დამხმარე მასალა ან ელექტრო საათი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, თუ ეს მოწყობილობები სექტორში აღმოჩნდება, ისინი ავტომატურად მოიხსნებიან გამოცდიდან“ – განაცხადა სოფო გორგოძემ.


ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოცდო პროცესზე მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვისაც განისაზღვრა წესები. „არსებული ვითარების გათვალისწინებით, დროებით შეიზღუდება სარეგისტრაციო სივრცეში მედიის წარმომადგენლების შესვლა. მათ შესაძლებლობა ექნებათ, გადაიღონ მონაწილეთა გამოცდაზე შესვლის/გამოსვლის პროცესი მხოლოდ გარე პერიმეტრიდან. ინტერვიუების ჩაწერაც მხოლოდ შენობის გარეთ მოხდება”, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.


ცნობილია ისიც, რომ საგამოცდო ცენტრებთან გულშემატკივრების მობილიზებას, საპატრულო და მანდატურის სამსახური გააკონტროლებს.