ვინ არის ბათუმელი ბიჭი, რომლის წერილიც ზღვამ კრასნოდარში გამორიყა

  • 5 ივლისი 17:35

დაახლოებით ერთი წლის წინ ბათუმელმა ბიჭმა ბოთლში წერილი ჩადო, რომელიც  ზღვამ კრასნოდარის მხარეში გამორიყა. ახლა იქაური რედაქციები საბას ეძებენ, მისი გაცნობა და ნახვა უნდათ. წერილის ავტორით დაიჯესტი დაინტერესდა და მისი ვინაობა გაარკვია.

როგორც აღმოჩნდა, ზღვაში ჩაგდებული წერილის ავტორი ბათუმელი 9 წლის საბა შარაშენიძეა. მან დაიჯესტს უთხრა, რომ ზღვაში წერილებს ბოთლის საშუალებით  ხშირად უშვებდა, ანტერესებდა მას ოდესმე ვინე ნახავდა თუ არა. საბა დღევანდელი ამბით ძალიან გახარებულია და ამბობს, რომ წერილების დაწერას მომავალშიც გააგრძელებს.



„ერთი წლის წინ დავწერე წერილი, ბებიასთან და ჩემს დასთან ერთად ზღვასთან ვსეირნობდი და გადავაგდე, საერთოდ მაინტერესებდა ასეთი რამე თუ ხდებოდა და ჩემს წერილს ოდესმე ვინმე თუ წაიკითხავდა. დღეს რომ გავიგე ეს ამბავი, ძალიან გამეხარდა. ალბათ მომავალშიც დავწერ და გავუშვებ ზღვაში წერილებს“, - უთხრა საბა შარაშენიძემ დაიჯესტს.


მომხდარი ამბით გახარებულია საბას დედა ლალი ეგაძე. როგრც მან პირად საუბრებში გვითხრა, თავდაპირველად საბა წერილის ბოთლში ჩადებისთვის დატუქსა, ვინაიდან ოჯახის წევრების შესახებ ბევრი ინფორმაცია იყო გაცემული და ნერვიულობდა.



ახლა ლალი ეგაძე მისი შვილის სიხარულით კმაყოფილია და ამბობს, რომ საბა მომხდარის შემდეგ ბედნიერებას ასხივებს.


„საბა ხშირად სეირნობს ხოლმე ბებოსთან და დასთან ერთად ზღვაზე, ერთ დღესაც მოვიდა და მითხრა წერილი დავწერე, ბოთლში ჩავდე, კენჭები ჩავყარე, რომ არ დაკარგულიყო და ზღვაში გადავაგდეო. წერილის შინაარსი რომ მომიყვა ცოტა არ იყოს შემეშინდა, საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ჰქონდა გაცემული, საცხოვრებელი სახლის მისამართიც მითითებული იყო, ამიტომ ვუთხარი რომ ეს რისკის შემცველი იყო, მერე ძალინ ინერვიულა, განიცდიდა - „ცუდმა ადამიანებმა რომ ნახონ და რამე დაგვიშავონო“, დიდხანს ნერვიულობდა. შემდეგ მეც დავამშვიდე და ავუხსენი, რომ ბოთლით გამორიყული წერილის ნახვის ალბათობა ძალიან მცირე იყო. დღეს როდესაც ეს ამბავი გაიგო, ისეთი გახარებულია, ბრწყინავს, თან იცის, რომ კრასნოდარიდან რედაქცია გვეძებს და ძალიან აღფრთოვანებულია. ჯერ არავინ დაგვკავშირებია, ვნახოთ თუ შეგვეხმიანებინ“, - განუცხადა დაიჯესტს ლალი ეგაძემ.